ახალი ამბები

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გერმანიაში 9 ადამიანი დაიღუპა

20 თებერვალი, 2020 • 996
შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გერმანიაში 9 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ გერმანიის ქალაქ ჰანაუში, ჩილიმ ბარებში სროლების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. თავდასხმის მოტივი უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი ერთმა პირმა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე გახსნა. ეჭვმიტანილი კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის თქმით, ამ პირის გარდა სხვა დამნაშავე არ განიხილებოდა.

BBC ადგილობრივ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავდამსხმელი გერმანიის მოქალაქე იყო, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ლიცენზია ჰქონდა.

რაც შეეხება სროლებს, პირველი სროლა ქალაქის ცენტრში არსებულ ჩილიმ-ბარში შუაღამისას დაფიქსირდა, მეორე კი, ჰანაუს გარეუბანში, ერთ-ერთ კაფე-ბარში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე ობიექტზე კლიენტები, ძირითადად, ქურთი წარმომავლობის ადამიანები იყვნენ.

ერთ-ერთი მოწმის თქმით, მისთვის და მისი კოლეგებისთვის გაუგებარია სროლის მიზანი:

“ეს ყველაფერი ფილმს ჰგავდა, ცუდი ხუმრობასავით იყო, ამ დრომდე ვერ ვიაზრებ, რა მოხდა, ეს მოვლენა გაუგებარია ჩემი კოლეგებისთვისაც”, – განუცხადა ერთ-ერთმა მოწმემ Reuters-ს.

აღნიშნულ სროლებს წინ უძღოდა სროლები ბერლინში, თურქული კომედი შოუს სტუდიასთან ახლოს. სროლების დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი