ახალი ამბები

კურტ ვოლკერი სააკაშვილზე განცხადებას განმარტავს

19 თებერვალი, 2020 • 2093
კურტ ვოლკერი სააკაშვილზე განცხადებას განმარტავს

ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი უკრაინულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ „პუტინი საქართველოს თავს რიტორიკის გამო არ დასხმია”.

“[პუტინს] მას სურდა დაებლოკა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია. მართალია, ის გაბრაზებული იყო რიტორიკით, მაგრამ რუსულ აგრესიას თავისი მიზეზები ჰქონდა“, – შესაბამის განცხადებას იგი Twitter-ში აქვეყნებს და წერს, რომ ეს სტატიაში მისი ციტატის კორექტირებული ვერსიაა.

იქამდე ვოლკერმა  უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი გააკეთა, ეფექტურად დაალაგა ურთიერთობები აშშ-თან და დასავლეთთან, მაგრამ პუტინი უკიდურესად ნერვულად რეაგირებდა მკაცრ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისდამი აირჩია – არა უბრალოდ ნერვულად, არამედ აგრესიულად – და მიმაჩნია, რომ ეს გახდა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, თუ რატომ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი“.

„როგორც იცით, მე მქონდა გამოცდილება საქართველოსთან. და მართლაც მივიჩნევ, რომ სააკაშვილმა თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი გააკეთა, არაერთი რეფორმა ჩაატარა, იგი ეფექტიანად ალაგებდა ურთიერთობებს აშშ-თან და დასავლეთთან.

მაგრამ პუტინი უკიდურესად ნერვულად რეაგირებდა მკაცრ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისდამი აირჩია – არა უბრალოდ ნერვულად, არამედ აგრესიულად – და მიმაჩნია, რომ ეს გახდა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, თუ რატომ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ამან შეუძლებელი გახადა ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობები. საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის სხვა რიტორიკა აირჩია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისში ჩააბარეს ოკუპირებული ტერიტორიები ან დაივიწყეს რუსული აგრესია“, – განაცხადა ვოლკერმა.

შესწორებები შევიდა ვოლკერის თავდაპირველ ინტერვიუში „ევროპეისკაია პრავდასთან“. გამოცემის ცნობით, ეს ვოლკერის თხოვნის საფუძველზე მოხდა. „რა თქმა უნდა, რიტორიკა არ გამხდარა ზუსტად ის მიზეზი, თუ რატომ დაესხა თავს პუტინი საქართველოს. მართალია, რუსულ აგრესიას თავისი მიზეზები ჰქონდა – ის დამატებით გაამძაფრა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკამ“, – წერია ინტერვიუს განახლებულ ვერსიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი