ახალი ამბები

ხოშტარიასთვის, როგორც ქალბატონისთვის, არ მიგინებია – საკრებულოს თავმჯდომარე

19 თებერვალი, 2020 • 932
ხოშტარიასთვის, როგორც ქალბატონისთვის, არ მიგინებია – საკრებულოს თავმჯდომარე

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი აცხადებს, რომ “ელენე ხოშტარიასთვის არ უგინებია, როგორც ქალბატონისთვის”. ონიანი უცენზურო ფეისბუკ-პოსტისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ ონიანმა “მთავარ არხს” განუცხადა.

“ელენე ხოშტარიასთვის ლევან ონიანს არ უგინებია, როგორც ქალბატონისთვის. ელენე ხოშტარიას ლევან ონიანმა ის ემოციური პოსტი დაუწერა და არა მარტო მას, იქ მიშა სააკაშვილიც იყო ნახსენები, რომელსაც არანაკლები ემოციური პოსტი მივუძღვენი. აქედან გამომდინარე, ნუ აკეთებთ აქცენტირებას… რატომ არ იქნა აღნიშული სააკაშვილი, იქ ნახსენები იყო შუაშისტებიც. არ გაგიჩნდათ კითხვა, ეს შუაშისტები ვინ არიან?  მაგალითად, ეს შუაშისტები ხართ თქვენ, ადამიანები, რომლებიც იძახით, რომ ხართ ჟურნალისტები. არადა, ამ დროს ნაცმოძრაობის პიარსამსახურები ხართ. ეს არის შუაშისტები”, – უთხრა ონიანმა “მთავარ არხს”.

“ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ბოდიში მოვუხადო. არსებობს ისეთი ქმედებები, სადაც ჩემი გინება ყველაზე პატარა ცოდვაა, რაც გლობალურად მოხდა”.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან”, ლევან ონიანი ფეისბუკზე დედას აგინებს დეპუტატ ელენე ხოშტარიას, “შუაშისტებს” და მიხეილ სააკაშვილს.

მიზეზი კი დღეს პარლამენტში არჩილ თალაკვაძის გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ აჟღერებული სსრკ-ის ჰიმნია. ონიანი ასევე აცხადებს, რომ ამ დეპუტატებმა მანდატები უნდა დატოვონ.

ლევან ონიანის ფეისბუკ-აქტივობა ფართო საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ პირველად გასულ წელს მოქეცა, როდესაც ინგა გრიგოლიას გიორგი გახარიასთან ინტერვიუს შემდეგ დაწერა: “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – შემდეგ კი თქვა, რომ გრიგოლიას არ გულისხმობდა, თუმცა ბოლოს ბოდიში, პარტიასთან და მის ოჯახთან ერთად, გრიგოლიასაც მოუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი