ახალი ამბები

ბრიტანეთი ინგლისურის არმცოდნე დაბალკვალიფიციურ მუშახელს ქვეყანაში არ შეუშვებს

19 თებერვალი, 2020 • 1113
ბრიტანეთი ინგლისურის არმცოდნე დაბალკვალიფიციურ მუშახელს ქვეყანაში არ შეუშვებს

ბრიტანეთი დაბალი კვალიფიკაციის მქონე და ინგლისურის არმცოდნე პირებს სამუშაო ვიზებს არ მისცემს. როგორც გარდიანი წერს, ცვლილებები მომსახურების სფეროსა და ქარხნებში დასაქმებულ იაფ მუშახელს შეეხება.

ქულებზე დაფუძნებული სისტემის მიხედვით, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა, ქვეყანას საშუალებას მიეცემა, შრომით მიგრაციაზე სრული კონტროლი მოიპოვოს. ცვლილებებს აკრიტიკებენ ინდუსტრიის ლიდერები და აცხადებენ, რომ ის ქარხნებს დახურვის რისკის ქვეშ დააყენებს, რაც ქვეყანაში სამუშაო ადგილებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ათგვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, ბრიტანეთის საზღვრები დაიხურება დაბალკვალიფიციური მუშახელისთვის. გარდა ამისა, ყველა მიგრანტს უნდა შეეძლოს ინგლისურად საუბარი. ამასთან, ყველას, ვისაც დიდ ბრიტანეთში მუშაობა სურს, სამუშაოს შეთავაზება უნდა ჰქონდეს არანაკლებ 25 600 ფუნტის ოდენობის ანაზღაურებით.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ბრიტანეთში ჩასვლას ვეღარ შეძლებენ თვითდასაქმებული პირები. სასაზღვრო კონტროლი კი არ მიიღებს ისეთი ქვეყნების ID ბარათებს, როგორიცაა საფრანგეთი და იტალია.

როგორც გარდიანი წერს, ქვეყანაში სამსახურის გარეშე ჩასვლის შესაძლებლობა მაღალკვალიფიციური კადრების მცირე ოდენობას შეეძლება.

აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი