ახალი ამბები

საბურთალოს კორტები აღდგება – კალაძე

19 თებერვალი, 2020 • 2977
საბურთალოს კორტები აღდგება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საბურთალოს ქუჩასა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული კორტების მოედანი აღდგება და მას დაემატება საცურაო აუზი და სატრენაჟორო დარბაზი. ამის შესახებ თბილისის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გვინდა, რომ გავყიდოთ ეს ტერიტორია, გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, ჩავატაროთ ტენდერი, სადაც მითითებული იქნება, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს სპორტული კომპლექსი, ოთხი ჩოგბურთის კორტი, ერთი ღია ან დახურული საცურაო აუზი და სატრენაჟორო დარბაზი. ეს იქნება ცენტრი, რომლითაც ქალაქის მასშტაბით ყველა მსურველი, ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. ამ კონცეფციით შესაძლოა ჩვენ გავყიდოთ ეს კონკრეტული ფართი, დარწმუნებული ვარ, ბევრი დაინტერესებული ადამიანი იქნება, რომ თბილისის, საბურთალოს ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენ დავუბრუნოთ კორტები”, – განმარტა კალაძემ.

კახა კალაძემ ტენდერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მერიის თანამშრომლებს მომავალი კვირისთვის დაავალა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გაიყიდა ყაზახურ კომპანიაზე, რომელსაც კონკრეტულ ადგილას კორპუსი უნდა აეშენებინა, თუმცა თბილისის მერიამ აღნიშნული ტერიტორია გამოისყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი