ახალი ამბებისაზოგადოება

რა პოზიცია აქვთ ოპოზიციაში კალაძის შეთავაზებაზე

18 თებერვალი, 2020 • 3597
რა პოზიცია აქვთ ოპოზიციაში კალაძის შეთავაზებაზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზადაა სხვადასხვა ოპოზიცურ პარტიასთან “ცალკე შეხვედრები” გამართოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

“ჩვენ მზად ვართ, ცალკეულ პარტიებთან ცალკე შეხვედრები გავაკეთოთ, ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე… მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და ვიმსჯელოთ, როგორ უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. თუ ვერ მოხდება შეთანხმება და კონსენსუსი, არჩევნები ჩატარდება შესაბამისი კონსტიტუციის მიხედვით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ცნობილია, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესი გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ჩაიშალა. ამ დისკუსიაში, რომლის ინიციატორებიც ელჩები იყვნენ, ოპოზიცია ერთიანი პლატფორმით მონაწილეობდა. კალაძის განცხადებაში სიახლეა ის, რომ პარტიებს მოლაპარაკებებს ცალ-ცალკე სთავაზობს.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების ნაწილს დაუკავშირდა და ჰკითხა, მიიღებდნენ თუ არა მსგავსი ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობას.

პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი შეთავაზება ხელისუფლების მხრიდან კონტექსტის გათვალისწინებით უადგილოა. ამასთან, ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფორმატი უკვე არსებობს და სხვა ტიპის დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ:

“ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ფორმატი უნდა შეიცვალოს.  ძალიან მწვავე ვითარებამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააჩინა შესაძლებლობა და აჩვენა ოპოზიციაში რესურსი, რომ ძალიან ბევრი განსხვავების მიუხედავად, ყველა ერთად დავმსხდარიყავით ამ მაგიდასთან, რადგან საქმე ისეთ ფუნდამენტურ საკითხს ეხება, როგორიც საარჩევნო სისტემაა.

თავისთავად, ეს შემოთავაზება უადგილოა კონტექსტის გათვალისწინებით. ნათელია, რომ მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერებზე მიმდინარეობს სამართლებრივად დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა… ამ კონტექსტში ეს ინიციატივა, ერთი, რომ რეალობასაა აცდენილი, მაგრამ მეორე – ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ ცალკე მოლაპარაკებებს. არის ოპოზიციური მაგიდა, რომელზეც ორივე მხარე იყო წარმოდგენილი” ,- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ყველა ტიპის შეხვედრებისთვის მზადაა:

“მე ყველას შევხვდები, ვისაც ლაპარაკი უნდა. უბრალოდ, განწყობა უნდა ვიგრძნო, რომ სერიოზულად უნდათ ლაპარაკი. ამ სერიოზულობას დადასტურება სჭირდება. მე ცალკე დამიბარებს თუ ვინმესთან ერთად, ხომ ვიცი, რა მინდა. თუ რამეს შეუძლია ჩემი მიზნის მისაღწევად დამეხმაროს ან მე შემიძლია რამე წვლილი შევიტანო მოლაპარაკებების პროცესში, ლაპარაკის წინააღმდეგი არ ვარ”, – ამბობს ხვიჩია.

კითხვაზე, როგორი იქნება “გირჩის” პოზიცია მსგავსი ტიპის შეხვედრებზე, იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერებს დიალოგის პარალელურად არ უნდა აპატიმრებდეს:

“პირველი რაც არის ის, რომ ქვეყანაში ჩვენს კოლეგებს არ უნდა იჭერდნენ ლაპარაკის პარალელურად. ესაა პირველი პოზიცია, თუ მართლა ლაპარაკი უნდა ვინმეს. მეორე არის სერიოზულობა, თუ მემუქრები, ეს მოლაპარაკება არაა, კაპიტულაციის პირობებზე შეთანხმებაა და ეს არ მინდა. მე მგონია, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა ლაპარაკობდეს.

როცა პოლიტიკოსები ქვყენაში არ ლაპარაკობენ, სიტუაცია იძაბება და პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა და მაღლა იწევს. საარჩევნო წელია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩემი ამოცანაა, დუღილის ტემპერატურამ დაბლა დაიწიოს სამართლიანობის მიღწევის შედეგად. სამართლიანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ სერიოზუად დავიწყოთ ლაპარაკი და ერთმანეთი არ დავიჭიროთ მოლაპარაკებების პარალელურად”, – ამბობს ხვიჩია.

“ლეიბორისტული პარტია” კატეგორიულად გამორიცხავს მსგავსი ფორმატის ფარგლებში მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვას:

“საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილია ერთიანი ოპოზიციური ფორმატი, ჯერდება ერთიანი პოზიცია და ამ პოზიციით ხდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩაშალეს, როდესაც მათ დააპატიმრეს გიგი უგულავა.

სეპარატულ მოლაპრაკებებს თუ ვინმე აწარმოებს, თავის თავს დააზიანებს ამით იმდენად, რამდენადაც, როგორც ცნობილია, გადამგდებები არიან [“ქართული ოცნება”]. არაერთხელ “გადაუგდიათ” ქართველი ხალხი, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება. ამ შემთხვევაში უშედეგო იქნება ყოველგვარი ასეთი მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან”, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა, გიორგი გუგავამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით კი, მთავრობას აქვს ახალი გეგმა – დაყავი და იბატონე, რომელიც მათ არ გამოუვათ, რადგან გაერთიანებული ოპოზიციიდან ამ გზას არავინ აირჩევს.

“ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად, მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს “ევროპული საქართველოც”. პარტიის წევრის, სერგი კაპანაძის განმარტებით, ოპოზიციური ლიდერების დაჭერით მთავრობამ თავად თქვა უარი მოლაპარაკებებზე.

“როგორც ჩანს, რაღაც ახალი, ბისმარკისეული სტრატეგია მოიგონეს, რომ “დაყავი და იბატონე”, არავითარი სეპარატული მოლაპარაკებები კალაძესთან და “ქართულ ოცნებასთან” არ იქნება. დიალოგი მიმდინარეობდა იმ ამოცანით და იმ მიზნით, რომ პროპორციულზე შევთანხმებულიყავით, მაგრამ მათ უარი თქვეს დიალოგზე და დაიწყეს ოპოზიციური ლიდერების დაჭერა. შესაბამსიად, დიალოგი დამთავრდა მათი ამ უგუნური ნაბიჯით. მაქვს მოლოდინები, რომ სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ დიალოგზე არ წავა”, – განმარტა “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ.

პარტია “დემოკრატიულ მოძრაობაშიც” ამბობენ, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი კალაძის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებების ფორმატს არ შეურთდება.

ახალ ფორმატში მოლაპარაკების გაგრძელებას არ აპირებს არც ეკა ბესელია, რომლის განმარტებითაც, კალაძის შეთავაზება არის გაურკვეველი ფორმატი და საჭიროა მეტი სიცხადე, თუ რას ნიშნავს ეს შეთავაზება.

მასალების გადაბეჭდვის წესი