ახალი ამბები

ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარეს ექსთანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში ადანაშაულებს

18 თებერვალი, 2020 • 1029
ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარეს ექსთანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში ადანაშაულებს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი, დავით ასპანიძე საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანს, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანს და მისი ძმას, საკრებულოს დეპუტატ გოჩა მეშველიანს, სამსახურის დატოვების მოთხოვნით პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში ადანაშაულებს. მეორე მხარე ბრალდებას უარყოფს და მას მოგონილს უწოდებს.

როგორც დავით ასპანიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ ჟორჟოლიანს განუმარტა, რომ პარტია “ლელოს” ყრილობაზე დასწრება სურდა, ჟორჟოლიანმა სამსახურის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. ასპანიძის თქმით, შეხვედრას ესწრებოდა მესამე პირიც, რომლის სახელს და გვარს არ ასახელებს.

“18 თუ 17 დეკემბერს ჩემი მეგობარი დამიკავშირდა პარტია “ლელოდან” და მაცნობა ყრილობის შესახებ და მასზე დასწრება შემომთავაზა. 20 დეკემბერს კი მე ამის შესახებ თამაზ ჟორჟოლიანს პირადი შეხვედრის დროს ვაცნობე, რადგან არ მინდოდა, რომ “ლელოს” ყრილობაზე ჩემი დასწრება შემდეგ სურათებით ენახა”, – ამბობს ასპანიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას – “როგორც კი ვუთხარი ყრილობაზე დასწრების შესახებ, მაშინვე მითხრა [ჟორჟოლიანმა], რომ ეს არაკაცური საქციელი იყო და ახლავე უნდა დამეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ” – ასპანიძის თქმით, აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი განაცხადა და ჟორჟოლიანს უთხრა, რომ თუ მისი სამსახურიდან გაშვება სურდა, ჯობდა, თვითონ გაეგდო, რის შემდეგაც მან ოთხი დატოვა.

თუმცა ასპანიძე იხსენებს, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ზეწოლა არა მხოლოდ მასზე, არამედ მის მეგობრებზეც გაგრძელდა. როგორც ასპანიძე ამბობს, მის ორ მეგობარს ჟორჟოლიანმა მოსთხოვა, რომ ასპანიძე სამსახურიდან წასვლაში დაერწმუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათაც დაატოვებინებდა სამსახურს. მისივე თქმით, ამ პროცესში იყვნენ ჩართული ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და მისი ძმა, საკრებულოს დეპუტატი გოჩა მეშველიანი.

“სამსახურიდან არ წამოვიდოდი, რომ არა ამ ადამიანებზე ზეწოლაც, ჟორჟოლიანს დიდი ხანია ვიცნობ და კარგად იცის, რომ ჩემთვის თანამდებობაზე მნიშვნელოვანი მეგობრები იყვნენ. თავიდან მათაც უარს ვეუბნებოდი, თუმცა მას შემდეგ, რაც მათზე ზეწოლა არ გაჩერდა, მივიღე გადაწყვეტილება, დამეწერა ის განცხადება, რასაც ჟორჟოლიანი მთხოვდა”, – ამბობს ასპანიძე.

“ნეტგაზეთი” ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ ჟორჟოლიანსაც დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, დავით ასპანიძის ბრალდება არის უსაფუძვლო:

“კატეგორიულად უარვყოფ მსგავს ფაქტს, ასპანიძესთან ვმეგობრობდი და არც ვიცი, რაში დასჭირდა მსგავსი რამის მოგონება”, – ამბობს ჟორჟოლიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას. ჟორჟოლიანმა ამ თემასთან დაკავშირებით მეტი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

დავით ასპანიძემ გათავისუფლების შესახებ განცხადება 3 იანვარს დაწერა, რის შემდეგაც სამსახურიდან 8 თებერვლს ოფიციალურად დაითხოვეს.

დავით ასპანიძე

ფოტო: დავით ასპანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი