ახალი ამბები

აჭარა ტვ-ის ჟურნალისტებს სოლიდარობა თბილისშიც გამოუცხადეს

17 თებერვალი, 2020 •
აჭარა ტვ-ის ჟურნალისტებს სოლიდარობა თბილისშიც გამოუცხადეს

17 თებერვალს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდს.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად მიმდინარეობს პროცესი, რის შედეგადაც, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდის განცხადებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო და დირექტორი თავიდან იშორებენ არასასურველ ადამიანებს და საფრთხეს უქმნიან სარედაქციო დამოუკიდებლობას.

14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აუქმებენ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატს, დისციპლინური წარმოება დაიწყო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგ და ტელევიზია, სავარაუდოდ, აღარ შეიძენს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მედიაპროდუქტს ტენდერით, როგორც ბიუჯეტშია მითითებული.

აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდი ცვლილებებს აფასებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხედ.

განცხადება გაავრცელა მაუწყებლის ალტერნატიულმა პროფკავშირმაც. „ნებისმიერი მცდელობა – დააშინონ თანამშრომლები, დამთავრდება წარუმატებლად. ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას, არ შევეგუებით მაუწყებლის რეგრესს, ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის და უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისთვის,“ – აღნიშნულია ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი