ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იორდანიაში რუსეთისა და სხვა ეკლესიების შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

17 თებერვალი, 2020 • 2529
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იორდანიაში რუსეთისა და სხვა ეკლესიების შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გამოქვეყნებული წერილის თანახმად, საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩასვლისგან, სადაც მართლამდიდებლურ სამყაროში არსებული პრობლემები უნდა განხილულიყო.

თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მართლამდიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები – მათ შორის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს მსოფლიო პატრიარქი.

თეოფილე III-ისთვის ილია II-ის მიერ გაგზავნილ წერილში, რომელიც ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა, წერია:

„კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისათვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით, თქვენი წერილიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ ვინაიდან მან და ზოგიერთმა ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნას“.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოში იზიარებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის პოზიციას, მაგრამ მიიჩნევენ, რომ შეხვედრა და მსჯელობა ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ჩამოსვლისგან.

„ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსისი განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს. ამასთან, რაც მალე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთვის“, – წერია წერილში.

მანამდე, „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც  აღნიშნავენ, რომ „ეს შეკრება (მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით) ემსახურება მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს I (არქონტონისი) ავტორიტეტის დაკნინებას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის უკანონოდ ცნობას“.

ასოციაციის განცხადებით, „ე.წ. იოარდანიის კრების გამართვა საეჭვოდ უკავშირდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების გახშირებულ ვიზიტებს იერუსალიმის საპატრიარქოში“, ხოლო „საეკლესიო კანონიკის მიხედვით საერთო მართლმადიდებლური კრების მოწვევის უფლება გააჩნია მხოლოდ კონსტანტინეპოლის (მსოფლიო) პატრიარქს და არა სხვა რომელიმე ეკლესიის მეთაურს.“

აქედან გამომდინარე, ასოციაციის განცხადებით, „დაუშვებლია ამ შეკრებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მონაწილეობა ნებისმიერი ფორმით თუ მიზნით“ და ისინი მოუწოდებენ „საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, რათა მოიწვიოს წმინდა სინოდი და მღვდელმთავართა კრებამ დააფიქსიროს პოზიცია იორდანიაში წასვლის შესახებ, რადგან მსგავსი საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლება გააჩნია მხოლოდ წმინდა სინოდს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი