საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაპიზონში გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე და ქართველი ჟურნალისტები რიზეს ვილაიეთის გუბერნატორ ჰაიათი იაზიჯის, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორ მუსტაფა ტეპეს, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტ ნურიე კაფუთოღლუსა და თურქ ჟურნალისტებს შეხვდნენ.
სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და დაგმო ყოველგვარი ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის მხარის წარმომადგენლებმა მწუხარება გამოთქვა მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით. ქ. რიზეს გუბერნატორმა, ჰაიათი იაზიჯიმ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ თავად გააკონტროლებს ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობას.
ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, მუსტაფა ტეპემ განაცხადა, რომ საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს თურქული მხარე, აცხადებს სამინისტრო.
რიზეს საავადმყოფოს ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აჭარის ტელევიზიიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს დაუმტვრიეს კამერა და დაუწვეს კასეტები, რომლებზეც მასალა ჰქონდათ გადაღებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სავარაუდოდ მიეცემა ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების განადგურების კვალიფიკაცია.








