“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის – გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს”, დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით, “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
“გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროცესს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ზედელაშვილი მოიაზრება ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად”, – აცხადებენ TI-ში.
TI-ს განცხადებით, შპს “სერპანტინი” 2000 წლის 19 მაისს დარეგისტრირდა და საქმიანობს გზებისა და ხიდების მშენებლობის სფეროში.
ორგანიზაციის თქმით, თავდაპირველად კომპანია დაფუძნდა 1957 წელს შექმნილ “ხიდების სარემონტო სამშენებლო სამმართველოს” ბაზაზე, რომლის დირექტორად 1986 წელს დაინიშნა გივი ზედელაშვილი, გიორგი ზედელაშვილის მამა, რომლის გარდაცვალების შემდგომ მისი წილი გადაფორმდა მის მეუღლეზე, თამარ ჯანყარაშვილზე – დღეს ეს წილი 69%-ს შეადგენს:
“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემა მოიცავს 2011 წლიდან არსებულ ინფორმაციას. 2011-2012 წლებში შპს “სერპანტინის” ჯამურმა ბრუნვამ 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 5.3 მილიონი ლარი მოდის კახეთში განხორციელებულ პროექტებზე. ამ სექტორში მომუშავე კომპანიისთვის ეს არ არის დიდი მოცულობის თანხა.
2012 წლამდე შპს “სერპანტინი” იყო ერთ-ერთი რიგითი კომპანია, რომელიც მუშაობდა საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში არ იკვეთება მისი განსაკუთრებული ან დომინანტური მდგომარეობა 2012 წლის ჩათვლით, თუმცა სურათი რადიკალურად იცვლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” აცხადებენ, 2013 წელს შპს “სერპანტინის” ბრუნვები 700%-ით იზრდება 2012 წელთან შედარებით. კერძოდ, ორგანიზაიის განცხადებით, 2013 წელს შპს “სერპანტინის” წლიური ბრუნვა 14 621 695 ლარს აღწევს, რაც 2012 წლის შემოსავალზე – 1 867 452 ლარზე დაახლოებით 8-ჯერ მეტია.
TI-ს მიერ ჩატარებული კლევის მიხედვით, კომპანიამ 2013-2019 წლებში მონაწილეობა მიიღო 171 ტენდერში, საიდანაც მოიგო 102.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მოგებული ტენდერებიდან 43 შემთხვევაში მას კონკურენტი არ ჰყოლია. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ 31 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
TI აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, გიორგი ზედელაშვილი დღეისათვის აღარ იკავებს მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში, შპს “სერპანტინის” შემოსავლები წლიდან წლამდე მატულობს, რამაც საკვლევი პერიოდის ბოლოს 105 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საფუძვლიან კითხვებს ბადებს კვლევაში წარმოდგენილი ტენდენციები, რომლებიც ხაზს უსვამს შპს “სერპანტინის” დომინანტურ პოზიციას სახელმწიფო შესყიდვებში და ნათლად წარმოაჩენს საეჭვო გარემოებებს, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორუფციულ გარიგებებთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინის” მიერ მიღებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას.
სრუულად TI-ს აღნიშნულ კვლევას გაეცანით ბმულზე.