კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ წითელუბანში  ამბობენ, რომ ტერიტორიაზე, რომელიც რუსი სამხედრობის მიერ საზღვის აღმნიშვნელი აბრების ინსტალაციის შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიის მიღმა მოექცა, მოსავალი აქვთ ასაღები. ერთ–ერთი მათგანის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე გადის მოსავლის ასაღებად და ტერიტორიაზე შეჰყავთ ტექნიკა. ის ამბობს, რომ მოსახლეობასთან ერთად იმყოფება პოლიცია, რომელიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თქმით, ის, რომ მოსახლეობას მოსავლის აღებაში ხელი არ შეეშლება, მათთან საუბარში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის უფროსისი მოადგილემ, რობერტ გაზაევმაც დაადასტურა. 

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვას, იქნება თუ არა ქართული პოლიცია მოსავლის აღების პერიოდში მოსახლეობის გვერდით, შალვა ენუქიძემ ასე უპასუხა:

 

“თავისთავად. მე არაერთხელ განვაცხადე, მოსახლეობას არ  აქვს სანერვიულო იმიტომ, რომ გუშინ საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა ოსურმა მხარემ, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ჩვენს მოსახლეობას ასაღები აქვს მოსავალი, პრობლემებს არ შეუქმნიან,”– ამბობს შალვა ენუქიძე.

 

შალვა ენუქიძის განცხადებით, ადგილზე პოლიციის გამოჩენა იმ მიზანს ემსახურება, რომ პროვოკაციები იქნას თავიდან აცილებული. მისივე თქმით, პოლიციის გაძლიერება მოსავლის აღებას კი არ უკავშირდება, ეს შექმნილი ვითარებით არის გამოწვეული:

 

“იქ ჩვენი პოლიციის გამოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მოსახლეობას ყარაულობენ. ეს დღევანდელი მდგომარეობა და, ასე ვთქვათ, ოდნავ გაძლიერება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ისე ჩვენი მხრიდან არ მოხდეს პროვოკაცია და არ მოხდეს დაძაბულობა და სიტუაციის გართულება. ამ მიზნით იმყოფება ახლა ადგილზე კრიმინალური პოლიციის შესაბამისი დანაყოფები,”– განაცხადა მან.

 

ენუქიძის განცხადებით, შეძლებს თუ არა მოსახლეობა თავიანთ ნაკვეთებზე შემოდგომით დაბრუნებას, ამის შესახებ ორშაბათს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგგარეშე შეხვედრაზე ისაუბრებენ.

 

“მთავარი არის მომავალშიც, შემოდგომაზეც მოახერხონ და დათესონ, ჩვენ ამაზე ვზრუნავთ, თორემ ამ მოსავალს კი აიღებენ,”– ამბობს ის. 

 

 ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგგარეშე შეხვედრა ორშაბათს ეგრნეთში გაიმართება. 

 

“ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ყველა შეხვედრაზე ძირითად საკითხად ქართული მხარე ყოველთვის აყენებს ოკუპანტების მიერ რკინის ღობეებისა და მავთულხლართებით გამოწვეულ პრობლემებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას რიგ პრობლემებს უქმნის. მუდმივ რეჟიმში ხდება ჩვენი მხრიდან ამ საკითხების დაყენება. ეს მუდმივი დავისა და განსჯის საკითხია იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, 2008 წლის შემდეგ, ე.წ. ბორდერიზაცია დაიწყეს 2011 წელს. მანამდე ეს პრობლემები მოსახლეობას არ ქონია და არც შექმნია. აქედან გამომდინარე იმაზე საუბარი და პროგნოზირება იმისი, დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპანტებთან ერთად როგორ მოიქცევა, ეგ ძალიან გაიჭირდება.”

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *