ახალი ამბები

ეს პოლიტიკა მიდის რუსეთისკენ – მარგველაშვილი ხელისუფლებაზე

17 თებერვალი, 2020 •
ეს პოლიტიკა მიდის რუსეთისკენ – მარგველაშვილი ხელისუფლებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ შექმნილი პოლიტიკა რუსეთისკენ მიდის.

„მთავარი არხის“ ეთერში მარგველაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველო დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ს მხარდაჭერას დაკარგავს, ერთმნიშვნელოვნად მოვა რუსეთი.

„ეს პოლიტიკა მიდის რუსეთისკენ. ეს არის რუსული პროექტი,თვითონ მიდის თუ სხვა ავალებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს,“ – ამბობს ის.

კითხვაზე, როდის აღმოაჩინა მან ის, რომ ხელისუფლების პოლიტიკა, რუსეთისკენაა მიმართული, მარგველაშვილი დასავლეთიდან მიღებულ კრიტიკულ წერილებს ასახელებს.

„სხვა დროს მე ჩავთვლიდი, რომ ეს არის გადაცდომები, გადაცდომები, რომელიც ყველა ხელისუფლებას მოსდის ხოლმე, მაგრამ როდესაც შენ გადაცდომებზე მიგითითა იმ ძალამ, რომელიც შენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ქვეყნის არარუსულად შენარჩუნების გარანტია, და როდესაც შენ მათ პასუხობ ამას და ბევრად უფრო თვალნათლივ, გიგი უგულავას დაპატიმრებას აჩვენებ აქ უკვე ჩემთვის კითხვის ნიშანი, რომ ეს თამაში თუ არ შეჩერდა, საით მიგვიყვანს – აღარ არსებობს,“ – ამბობს მარგველაშვილი.

ამის შემდეგ, მარგველაშვილი მიმართავს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და ამბობს:

„მე ამას ვამბობ „ოცნების“ იმ დეპუტატებისთვის, ვინც შეიძლება ამას ბოლომდე ვერ ხედავს.

ეთერს ვიყენებ, რომ მათ ვუთხრა, შეიძლება თქვენ ამას ვერ ხედავთ, შეიძლება შეთქმულების თეორიების არ გჯერათ, მაგრამ ბუნების კანონზომიერება იქნება –  თქვენ თუ აქედან მეთოდურად გაუშვებთ დასავლეთს, სხვა ვექტორი კომპასზე გარდა ჩრდილოეთისა აღარ დარჩება,“ – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი