ახალი ამბები

“დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას” – თურნავა ლობისტებთან კონტრაქტებზე

14 თებერვალი, 2020 •
“დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას” – თურნავა ლობისტებთან კონტრაქტებზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პოზიტიურად აფასებს “ქართული ოცნების” მიერ აშშ-ში მეორე ლობისტური ფირმის დაქირავებას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ძალიან კარგი არხია იმისათვის, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკაში სწორი ინფორმაცია გავიდეს.

“იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც დასავლეთსა და მთელ მსოფლიოს მიეწოდება, ძალიან ბევრი არასწორი, უსამართლოა, და ეს არის ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელ მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რა რეფორმებს ვახორციელებთ, მათ შორის…

…დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას, დასავლეთი გაიგებს სიმართლეს, მათ შორის, ამ არხით”, – აცხადებს თურნავა. მის კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს.

ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group-თან გააფორმა კონტრაქტი.

Fara.gov-ზე ატვირთული ხელშეკრულების თანახმად, ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 12 თებერვალს არის გაფორმებული და ქართული მხრიდან მას ხელს “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აწერს.

ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ევალება, “ქართული ოცნების” რეკლამირება,  როგორც დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის სანდო და პრაგმატული პარტნიორის, რომელიც დასავლური ლიბერალური ღირებულებების და აშშ-საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორობის ერთგულია. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ლობისტური კომპანია ინფორმაციის მომზადების და მედიაში გავრცელების გზით დაეხმარება “ქართულ ოცნებას” დემოკრატიული ღირებულებებისადმი და აშშ-თან პარტნიორობისადმი ურყევი ერთგულების წარმოჩენას.

ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე. “ქართული ოცნება” ლობისტურ კომპანიას თვეში 33 333 აშშ დოლარს გადაუხდის.

მანამდე “ქართულმა ოცნებამ” გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogal Lovells-სთან. აღნიშნულს წინ უძღოდა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები, სადაც მიუთითებდნენ საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, ასევე, პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდებასა და აქციების ძალადობრივ დაშლაზე.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კონტრაქტი Orion Strategies-თან აქვს გაფორმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი