ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი გაეცნობა “ქართული ოცნების” შეთავაზებას გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის შექმნასთან დაკავშირებით.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა და გენერალურმა მდივნებმა – ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ – სტრასბურგში სამუშაო ვიზიტისას ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი მისია მოავლინოს. წინადადებას მხარი დაუჭირა ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES), რომელიც “ქართული ოცნების” პარტნიორია ევროპაში. საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტის მხრიდან ჯერ ცნობილი არ არის.
“ამ საკითხის მიმართ ვიქნებით დიდი ყურადღებით. როგორც იცით, ევროპარლამენტის მომხსენებელთა მისია მიემართება საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც არიან მუდმივმოქმედი მომხსენებლები. ისინი მოამზადებენ ზოგადი სახის მოხსენებას საქართველოს შესახებ. სხვა დეტალების შესახებ ამ ეტაპზე საუბარი არ შემიძლია. ყურადღებით გავეცნობით შეთავაზებას, განვიხილავთ მას ევროპარლამენტში და ქართველ კოლეგებთან ერთად”, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.
მისი ინფორმაციით, ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრები ბოლოს მალტაში იმყოფებოდნენ.
“სხვადასხვა სახის მისია შეიძლება იყოს – ოფიციალური ან არაოფიციალური. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები, ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც შეხვედრებს ვმართავთ საზოგადოების წარმომადგენლებთან, მთავრობისა და ოპოზიციის წევრებთან. ევროპარლამენტს სხვადასხვა სახის მეთოდები აქვს”, – აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ.
მარინა კალიურანდი საქართველოში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დისკუსიასაც გამოეხმაურა და მხარეებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა.
“იმედს ვიტოვებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მიაღწევს კონსენსუსს, რადგანაც ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები ქართველი ხალხისათვის გარდამტეხი იქნება. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს მომავალს, თქვენს რეფორმებს, ინტეგრაციას. შესაბამისად, ჩემი გზავნილია, ვთხოვო ორივე მხარეს – ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს. ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება”, -აღნიშნა კომიტეტის თანათავმჯდომარემ.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.