ახალი ამბები

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ცეცხლის დანთება სცადა

13 თებერვალი, 2020 • 1678
გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ცეცხლის დანთება სცადა

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი მოაწყო და ცეცხლის დანთება სცადა. წულაიამ პერფორმანსით გააპროტესტა ქუთაისში ამინდის გაუარესების გამო შექმნილი ვითარება.

ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა წულაიას პერფორმანსის გამართვის უფლება არ მისცეს და მისთვის შეშის ჩამორთმევას შეეცადნენ, რამაც წულაიას გაღიზიანება გამოიწვია:

“ცოლ-შვილი ხომ გეყინება, შენ არ იღებ ხმას, მე მაინც მაცალე, ეს ქალაქი როგორც იმ თავგასიებულისაა [სავარაუდოდ, იგულისხმება ქუთაისის მერი], ისეა ჩემი. მე ვთვლი საჭიროდ, გავაკეთო ეს პერფორმანსი და ვაჩვენო მთელ საქართველოს, რა ხდება ქალაქში, ქალაქი არის პარალიზებული”, – მიმართა მერიის თანამშრომლებს გოგი წულაიამ. შემთხვევის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა ტელეარხმა “მეგა ტვ-მ” გაავრცელა.

გოგი წულაიმ მერიის წინ ცეცხლის დანთება სცადა. ამით მას ქალაქში შექმნილი მდგომარეობიდ ტაპრიტესება სურდა ,თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მას პერფორმანსის ჩატარების საშუალება არ მისცეს..#გოგიწულაია

Posted by Mega TV • მეგა TV on ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2020

გუშინ, 12 თებერვალს ქუთაისში გაზის მიწოდება 44 ათასამდე აბონენტს შეუწყდა, მათ შორისაა საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.

“სოკარი ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გაზის მიწოდება 12 ათას აბონენტს აღუდგა, დანარჩენ ნაწილს კი დღეს, 13 თებერვალს, 18:00 საათამდე აღუდგება.

რაც შეეხება საგანმანათლებლოდ დაწესებულებებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის 20-მდე სკოლაში და საბავშვო ბაღების ნაწილში შეწყდა სწავლა.

ქუთაისში ორი დღეა თოვს და ყინავს, რამაც სხვადასხვა მიმართულებით პრობლემები შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი