აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ცოცხალი ჯაჭვით მხარდაჭერა გამოუცხადეს. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს მოტანილი აქვთ ბანერები, წარწერით: “არა მცოცავ ოკუპაციას”, “SOS! არა უმოქმედობას”, “მავთულხლარყებით ვერ გაგვყოფთ!” და ა.შ.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ საზღვრის გადმოწევა არის თავხედური და ცინიზმით აღსავსე ნაბიჯი. მისი თქმით, ამის გამო საჭიროა ძალიან მკაცრი და მძაფრი საერთაშორისო რეაქცია.
“მათ ძალიან კარგად იციან, არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი და უნდათ, რომ ნავთობსადენი მოაქციონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გამოიყენონ ძალიან სერიოზულ ბერკეტად,” – ამბობს მაია ფანჯიკიძე.
პარტიის ლიდერები საქართველოს ხელოსუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
თავისუფალი დემოკრატების მოსვლამდე, საპროტესტო აქცია გამართეს ჟურნალისტებმაც. მედიის წარმომადგენლებმა “საზღვრის აღმნიშვნელი” ბანერი ჩამოხსნეს და ხევში გადააგდეს.
11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.
