მაუწყებლობის დიგიტალიზაციის პროცესში, რომელიც სომხეთში მიმდინარე წლის 1 ივლისს უნდა დასრულებულიყო, ერთ–ერთი პარლამენტარი ედმონ მარუკიანი ჩაერია, როცა გამოვიდა ტელევიზიისა და რადიოს შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით, რომელიც ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გადავადებას ითვალისწინებს. მან ასევე მიმართა კანონმდებლებს, რომ 2 წლით გაუხანგრძლივდეს ანალოგური მაუწყებლობის ლიცენზიის ვადა რეგიონულ ტელევიზიებს. მოქმედი კანონით ამ კომპანიებს ლიცენზიის ვადა 2015 წლის ივლისში ამოეწურათ.
ედმონ მარუკიანის თქმით, რეგიონულმა ტელეკომპანიებმა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად საკუთარი სტაბილური აუდიტორიის ფორმირება შეძლეს, ციფრულ მაუწყებლიბაზე გადასვლის შედეგად კი 14 რეგიონული ტელეკომპანია დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და შედეგად 700 ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს.
“ისინი საკუთარი სპეციალობით სხვა სამსახურს ვერ იშოვიან და იძულებული გახდებიან, დატოვონ ქვეყანა. უფრო მეტიც, თუკი კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, თითოეულ რეგიონში მხოლოდ ერთი ტელევიზია იმუშავებს, სრულად გაქრება კონკურენცია და ეს ტელეეთერს დააზარალებს”,- განაცხადა დეპუტატმა.
მარუკიანის თქმით, რეგიონებში მოსახლეობის დიდ ნაწილს, ფინანსური მდგომარეობის გამო არ აქვს შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ინტერნეტი, როგორც ტელევიზიის ალტერნატიული ვარიანტი. სწორედ ამ არგუმენტებიდან გამომდინარე მოითხოვა მარუკიანმა, რომ გახანგრძლივდეს ანალოგური მაუწყებლობის ვადა და მანამდე „უფრო მისაღები გადაწყვეტილება“ მოიძებნოს.
საქმე ის არის, რომ 2013 წლის ივნისში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით ერთხელ უკვე გაუხანგრძლივეს ლიცენზიის მოქმედების ვადა რეგიონულ ტელევიზიებს ნახევარი წლით (2015 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე), თუმცა ამან პრობლემები ვერ გადაჭრა.
მედიის სპეციალისტების აზრით, თუკი დღეს დიგიტალიზაციის პროცესში არსებითად არაფერი შეიცვლება, ტელეარხების რაოდენობა სომხეთში მკვეთრად შემცირდება და ეს უპირველეს ყოვლისა რეგიონულ ტელევიზიებს შეეხება, რაც, თავის მხრივ, სატელევიზიო სივრცეში მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის დეფიციტს გაამძაფრებს და სამაუწყებლო სფეროს მონოპოლიზაციას გამოიწვევს.
ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა – „ერევნის პრეს-კლუბმა“, „მედია ინიციატივების ცენტრმა“ (ყოფილი “ინტერნიუსი” – სომხეთი) და “სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტმა” შეიმუშავეს და პარლამენტს წარუდგინეს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, მოაწესრიგებს დიგიტალიზაციის პროცესს. მათი აზრით, შექმნილი სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალია კერძო მულტიპლექსების შექმნა, რაც საშუალებას მისცემს რეგიონულ ტელეკომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ საერთოდ ციფრულ ქსელში ჩართვის ლიცენზია, გააგრძელონ მუშაობა ანალოგური მაუწყებლობის შეწყვეტის შემდეგ. ზოგმა მაუწყებელმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ შექმნას კერძო მულტიპლექსი, თუკი ეს გათვალისწინებული იქნება და, შესაბამისად, რეგლამენტირებული კანონით.
მედიის სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ დიგიტალიზაციის სოციალურ ასპექტზე, რაც უშუალოდ უკავშირდება მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ფენის უფლებას, მიიღონ ინფორმაცია. კერძოდ, საუბარია ნაკლებად შეძლებული ოჯახების უზრუნველყოფაზე დეკოდერებით, რომლითაც ისინი ძველი ტელევიზორებით შეძლებენ ციფრული სიგნალის მიღებას.
არანაკლებად მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ ექსპერტები თავად ტელეკომპანიების ტექნიკურ გადაიარაღებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც უკავშირდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას.
სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აშოტ მელიქიანმა გვითხრა, რომ მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ანალოგური მაუწყებლობა ქვეყანაში კიდევ ექვსი თვე იმოქმედებს. ეს კანონპროექტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.
მელიქიანის თქმით, წელსვე მთავრობას მოუწევს კანონმდებლობასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემის გადაჭრა:
„აუცილებელია კიდევ გაუმჯობესდეს კანონმდებლობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობამ სოციალური პრობლემა უნდა გადაჭრას და მიაწოდოს სოციალურად დაუცველ ოჯახებს დეკოდერები. აპრილის მეორე ნახევარში გამოცხადდა კონკურსი დეკოდერების საჭირო რაოდენობის იმპორტის შესახებ, რაც ასეთ ოჯახებს გადაეცემა”.
მელიქიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საკმარისი იქნება ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე რბილად გადასასვლელად და უშუალოდ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება. ერევანში უკვე გამოჩნდა გაყიდვაში დეკოდერები და ზოგიერთმა მომხმარებელმა შეიძინა კიდეც ისინი.
შეკითხვაზე, თუ როგორ აისახება ვადის გადაწევა რეგიონული ტელევიზიების საქმიანობაზე, აშოტ მელიქიანმა უპასუხა, რომ ეს რეგიონული ტელევიზიების არსებობას გაახანგრძლივებს:
“ამას გარდა, ახლა მთავრობა ეძებს გზებს, რომ ტელეკომპანიებმა, რომლებმაც ვერ მიიღეს ციფრული მაუწყებლობის ლიცენზია 2010 წელს, შეძლონ მისი მიღება გამარტივებული პროცედურით და გააგრძელონ ფუნქციონირება ან ციფრულ ქსელში, ან თანამგზავრით, ან გამოიყენონ საკაბელო მაუწყებლობის შესაძლებლობები”, – განაცხადა ექსპერტმა.
მელიქიანი მიიჩნევს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან მიღებული იქნას ნათელი და მკაფიოდ გაწერილი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო არც ერთი ტელევიზია არ დაიხუროს.
„აქეთკენაა მიმართული ჟურნალისტური ორგანიზაციების ძალისხმევაც და შესაბამისი ლობირებაც“.
მანამდე კი, მელიქიანის თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ტექნიკურ დონეზე ყველაფერი კეთდება, მაგრამ ისევ პრობლემატურია საკანონმდებლო და სოციალური საკითხები:
“ჩვენ უკვე ოთხ წელზე მეტია ვსაუბრობთ, რომ ის ნაწილები, რისგანაც შედგება ეს პროცესი, უნდა განხორციელებულიყო პარალელურ რეჟიმში. ამ ხნის მანძილზე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. ტექნიკურ ჭრილში საკითხები დიდი ალბათობით დროთა განმავლობაში გადაიჭრება. თუმცა საკანონმდებლო ველი არ შეესაბამება ამ პროცესს, რამდენადაც დარჩა ძველი კანონი, რომელსაც მანამდეც უამრავი ნაკლი ჰქონდა.”
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა დიგიტალიზაციის გადადება ისევ და ისევ, მაგრამ ამის უსასრულოდ გაგრძელებაც შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის წინაშე არავის გაუუქმებია. ამდენად, თუკი მიმდინარე წლის ბოლომდე არაფერი მოხდება გაუთვალისწინებელი, 2016 წლის 1 იანვრიდან სომხეთი ციფრული მაუწყებლობაზე გადავა.
![]() |
|