ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 51 წლის კაცის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცი გულის პრობლემებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან.
მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, მას გულის პრობლემები არ აწუხებდა, გარდა ამისა, პროზექტურაში გადაყვანის შემდეგ მამაკაცის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღმოაჩინეს თავის, კიდურების და მუცლის არეში. კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ედიშერ მუშკუდიანის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მამაკაცის ოჯახის წევრებს სრული ინფორმაცია აქვთ:
“პაციენტის ახლობლებს სრულად აუხსნეს ექიმებმა ყველა იმ ფაქტის და მდგომარეობის შესახებ, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა პაციენტი, მეტი ინფორმაციის მოცემის უფლება ამჟამად არ გვაქვს”, – განაცხადა მუშკუდიანმა “მთავარ არხთან” საუბრისას.
თუმცა ოჯახის წევრების განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს აკისრია:
“პასუხისმგებლობა მედპერსონალს უნდა დავუყენოთ… ლომივით კაცი იყო და არაფერი გული არ სტკიოდა. ამიტომ ყველაფერი გასარკვევია, დასადგენია, რა მოხდა, რის გამო გარდაიცვალა”, – ამბობს გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი “მთავარ არხთან” საუბრისას.