ახალი ამბები

ლინკევიჩუსი უგულავას განაჩენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

11 თებერვალი, 2020 • 1419
ლინკევიჩუსი უგულავას განაჩენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავასთვის 3-წლიანი პატიმრობის მისჯის თაობაზე. ამის შესახებ ლინკევიჩუსი ტვიტერზე წერს.

“შეშფოთებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა. მართლმსაჯულება არ უნდა იყოს გამოყენებული ოპოზიციის დასასჯელად, ეს დემოკრატიული საზოგადოებებისთვის აუცილებელი რამაა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები ლაკმუსის ქაღალდი იქნება საქართველოსთვის”, – აცხადებს ლიეტუველი მინისტრი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, ასევე თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი