პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებაში პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს.
ხუხაშვილი ფიქრობს, რომ თავის დროზე უგულავას ციხიდან გამოშვებით ივანიშვილს “ევროპული საქართველოს” სახით, ენმ-სთან შედარებით “, კონსტრუქციული ოპოზიციის” მიღების იმედი ჰქონდა, თუმცა ეს არ მოხდა, რაშიც ყველაზე მეტად პერსონალურად უგულავას ადანაშაულებს, რის გამოც მისი კიდევ ერთხელ დაპატიმრება გადაწყვიტეს.
პოლიტოლოგის თქმით, უგულავამ საპატიმრო მაშინ დატოვა, როცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყოფოდა. ხუხაშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ელექტორატის წამრთმევ ძალად ივანიშვილი “ევროპულ საქართველოს ხედავდა და იმედოვნებდა, რომ ამ ფონზე ენმ თანდათან პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრებოდა:
“აქ ძალიან ძნელია ამ თემის პოლიტიკის მიღმა განხილვა, იმის მიუხედავად, როგორია სამართლებრივი ასპექტები. ამას [სამართლებრივ აქცენტებს] მე ვერ განვიხილავ, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტი, სამწუხაროდ, ჩანს. მთელ ისტორიას თუ გავიხსენებთ, როდესაც უგულავას ათავისუფლებდნენ, მიზანი იყო ძალიან მარტივი, მიმდინარეობდა “ნაციონალური მოძრაობის” გახლეჩის პროცესი და ხელისუფალს იმედი ჰქონდა, რომ ის ნაწილი, რომელიც ენმ-ს გამოეყო, კონსტრუქციული იქნებოდა და ელექტორატს “ნაციონალურ მოძრაობას” წაართმევდა, “ევროპული საქართველო” მაქვს მხედველობაში, და “ნაციონალური მოძრაობა” ამ ფონზე, თანდათან გაქრებოდა”, – ამბობს ხუხაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მისი თქმით, პროცესებმა აჩვენა, რომ ეს ასე არ მოხდა და მმართველი გუნდის ჩანაფიქრი არ გამართლდა.
“ბონუსი უნდა გამხდარიყო უგულავას გამოშვება, რის გამოც ეს პარტია მადლიერი და მისგან დავალებული უნდა ყოფილიყო დიდი ხნით. პროცესმა აჩვენა, რომ ეს ასე არაა”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მთავარ მიზეზად, რატომაც “ევროპული საქართველო” მის მიმართ “კონსტრუქციული” არ აღმოჩნდა, გიგი უგულავას ხედავს, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გუშინ დააკავეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც წინა ინსტანციების განაჩენებით 1.3 წელი ჰქონდა მისჯილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავა 2015 წლის 18 სექტემბერს დამნაშავედ ცნო „თბილსერვისის საქმეზე“ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის პრინციპით სასჯელი განახევრდა და 4.5 წელი უწევდა საპატიმროში გატარება. თუმცა 2017 წლის 6 იანვარს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 3 წელზე მეტით შეუმცირა. ამ საქმეზე დამნაშავედ ცნობამდე ერთი დღით ადრე უგულავა 14 თვე იყო წინასწარ პატიმრობაში, საიდანაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გათავისუფლდა, თუმცა ამ თავისუფლებამ სულ ერთ დღეს გასტანა.
ხუხაშვილის თქმით, უგულავას დაპატიმრება დასავლელი პარტნიორებისთვის წარმოუდგენელი მესიჯია, რადგან მისი თქმით, გამოკვეთილ დიქტატურებშიც კი არჩევნების წინ ცდილობენ, ოპოზიციას ზედმეტად არ შეეხონ და ამით სახე შეინარჩუნონ:
“ეს დასავლელი პარტნიორებისთვის წარმოუდგენელი მესიჯია იმიტომ, რომ ჩადიან, ჰპირდებიან და ჰაერშივე აგდებენ… თალაკვაძე რისთვის ჩავიდა? ჩავიდა, რომ [ამერიეკლ კანონმდებლებს] დაჰპირებოდა, ყველაფერი კარგად იქნებაო, პოლიტიკური დევნა არ იქნებაო… ეს შეხვედრა ჯერ გაციებული არ იყო… [კონგრესმენებმა] კმაყოფილება გამოთქვეს იმ შეხვედრის შემდეგ, სადაც თაალკვაძემ ყველაფერზე თავი უქნია და შეჰპირდა… ფაქტობრივად, გადააგდეს და გაგიჟდა ის კაცი [კონგრესმენი ადამ კინზინგერი] და შესაბამისი რეაქციაც ჰქონდა.
მადუროს მაგალითს მოგიყვანთ ვენესუელაში. მოგეხსენებათ, ხუან გუაიდომ, რომელიც ხელშეუხებელია, ალტერნატიულ პრეზიდენტად გამოაცხადა თავი, მაგრამ იმასაც კი არ ეხებიან. აქ კი რიგში ჩააყენა ყველა ოპოზიციონერი: უგულავა დაიჭირა, ხაზარაძე დასაჭერად ჰყავს გამზადებული, მელია სამაჯურით დადის, ანუ, მთლიანად ასუფთავებს პოლიტიკურ ველს, რაც დიქტატურებშიც კი, სიმართლე გითხრათ, მე არ მახსენდება მაგალითი, რომ სადმე ხდებოდეს” ,- ამბობს პოლიტოლოგი.
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, არ აინტერესებდეს დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების აზრი, თუმცა საკითხს ინფანტილურად უდგებიან და ჰგონიათ, რომ მათ ყველაფერს აპატიებენ:
“რატომღაც მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი გაუვათ. ეს არის ძალიან ინფანტილური დამოკიდებულება, ჩემი აზრით. ბავშვი მურაბას ერთხელ რომ მოიპარავს და ამაზე არ დასჯიან და რომ ჰგონია, თუ მეორედაც მოიპარავს, კიდევ აპატიებენ… აპატიებენ იმიტომ, რომ შვილია და შვილს სახლიდან ხომ არ გააგდებენ, დაახლოებით ასეთი, 3 წლის ბავშვის ფსიქოლოგია აქვთ, რომელმაც იცის, რომ მურაბის მოპარვა ცუდია, მაგრამ მაინც იპარავს. აქ პოლიტიკურ ლოგიკას მე უკვე ვეღარ ვხედავ”, – ამბობს ხუხაშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების ჩაშლილ ფორმატს, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ფორმატი თავიდანვე განწირული იყო, რადგან ხელისუფლებას კონსენსუსის მნიშვნელობა არ ესმის:
“ეს შეხვედრები ხომ თავიდანვე ყალბი იყო. ესეც იყო გარკვეული მცდელობა, რომ ვითომ დაენახებინათ, თითქოს რაღაც მოლაპარაკებები მიდის. ხელისუფლების განწყობა აქაც არის ხისტი. ისინი ლაპარაკობენ ვითომ კონსენსუსზე, მაგრამ დიალოგს კი არ გულისხმობენ, კონსენსუსს ეძახიან, თვითონ რაღაცას რომ გადმოაგდებენ, ულტუმატუმს მოაყოლებენ და ამბობენ, მიიღებთ? მიიღებთ, არ მიიღებთ და თქვენს თავს დააბრალეთო.
პოლიტიკური პროცესი ჩიხშია. ხელისუფლება მიდის ესკალაციისკენ, ის ვერ ხედავს პოზიტიურ დღის წესრიგს და მხოლოდ ნეგატივზე, შეტევაზე აგებს ყველაფერს და იმედი აქვს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ რესურსები მის ხელშია მთლიანად თავმოყრილი, დაღლის, გადატეხავს [ოპოზციას] და თავისას გაიტანს. ამით რომ სახელმწიფო ზარალდება, ეს აღარავის აინტერესებს. სახელმწიფო არ არის მათთვის ახლა პრიორიტეტი. მათთვის პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, თავის გადარჩენა თუნდაც მოკლე დროით და ამით ტკბობა” ,- ამბობს ხუხაშვილი “ნეტგაზეთთან”.