ახალი ამბები

“საზეიმო მიღებაზე ვერ გაარჩევ” – ხელისუფლება უგულავას განაჩენს ჯერ არ აფასებს

10 თებერვალი, 2020 •
“საზეიმო მიღებაზე ვერ გაარჩევ” – ხელისუფლება უგულავას განაჩენს ჯერ არ აფასებს

“ქართული ოცნების” გენერალური და აღმასრულებელი მდივნები, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე გიგი უგალავასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ის ელჩთან მიღებაზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა უგულავასთვის გამოტანილ განაჩენზე კომენტარი სთხოვეს.

“[მიღებაზე] არ ყოფილა ამაზე საუბარი. 48 მილიონის გაფლანგვისთვის ადამიანს რომ შეეფარდება სასჯელი, ამას საზეიმო მიღებაზე ვერ გაარჩევ. ეს იყო ერთი და იგივე პროცესი, რომელზეც მესამე ინსტანციამ იმსჯელა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე ჟურნალისტებს შეჰპირდა, რომ კომენტარს “მოგვიანებით გააკეთებს”.

“ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს. საღამოს გვიან სამუშაოებზე გავდივარ, სადაც თქვენც იქნებით და შეგიძლიათ დასვათ ყველა შეკითხვა და შევეცდები, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვუპასუხო”, – განაცხადა კალაძემ.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი