ახალი ამბები

“დამოუკიდებელი დეპუტატები” 2020 წელს 100/50-ის მოდელს მხარს უჭერენ

10 თებერვალი, 2020 •
“დამოუკიდებელი დეპუტატები” 2020 წელს 100/50-ის მოდელს მხარს უჭერენ

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” მხარს უჭერს “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 100 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი შევა და 50 – მაჟორიტარულით, ნაცვლად დღეს არსებული 77/73 პროპორციისა.

თუმცა, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” განცხადებით, ამ მოდელმა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა იმუშაოს და 2024 წელს ძალაში დარჩეს სრულად პროპორციული სისტემა. ფრაქციის თანახმად, თუ 2024 წლამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, იქაც 100/50-ის პრინციპი იმუშავებს.

ფრაქციის სახელით განცხადება დღეს დეპუტატმა ლევან კობერიძემ გააკეთა. მან ჟურნალისტებს ფრაქციის პოზიცია 4-პუნქტიანი გეგმის სახით გააცნო.

  1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ.
  2. თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.
  3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.
  4. ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით.

“ორ თვეზე მეტია ჩვენი საზოგადოება ელოდება ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგს „ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის. სამწუხაროდ, დღემდე ამ მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია და იგი, პრაქტიკულად, ჩიხშია შესული. ჯერ ისევ არ ჩანს ნათლად, მიღწევადია თუ არა ფართოკონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე.

14 ნოემბერს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებაზე და მიმდინარე დიალოგის პროცესის ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება – ნებისმიერ ფასად ძალაუფლების დასაბრუნებლად.

კამათი ძირითადად მიმდინარეობს მანდატების რაოდენობაზე, რაც „პოლიტიკურ ვაჭრობას“ ემსგავსება და არა ხალხისა და ქვეყნის მთავარ ინტერესებზე. აღნიშნული ვითარება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დემოკრატიის განმტკიცების პერსპექტივებს საქართველოში.

პოლიტიკოსები ვალდებულნი ვართ ვიპოვოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მართებული იქნება ქვეყნისათვის და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალ(ებ)ისათვის.

არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია კონსენსუსის მისაღწევად ახალი წინადადებების შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას საქართველოს პარლამენტში და ამასთანავე განამტკიცებს ქვეყნის სტაბილურობას.

სწორედ კონსენსუსის მიღწევის ხელშესაწყობად, დღეს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ გთავაზობთ კომპრომისულ წინადადებას, რომელიც 4 ძირითად პუნქტს ეფუძნება”, – განაცხადა კობერიძემ.

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ქართული ოცნებიდან სხვადასხვა დროს გამოსულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. მასში წევრიანდებიან: მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი