საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კოპიტნარის სადგურის რეკონსტრუქცია წლის ბოლომდე დასრულდება და მასზე დაახლოებით მილიონი ლარი დაიხარჯება.
6 თებერვალს მთავრობამ დაამტკიცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და კოპიტნარის რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი პროექტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სადგურამდე აეროპორტის მგზავრებს აერობუსები უფასოდ მოემსახურება. სადგურამდე მისასვლელი გზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტმა უნდა შეაკეთოს.
“მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში შევა ექსპლუატაციაში. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, გარკვეულწილად, პარალელურად გავაკეთოთ ეს პროექტები. შესაბამისად, დღევანელი პროექტის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. მოხდება სადგურის რეაბილიტაცია”, – თქვა თურნავამ რამდენიმე დღის წინ, მთავრობის სხდომის შემდეგ. .
ამ დრომდე თბილისიდან ბათუმის, ზუგდიდის ან ფოთის მიმართულებით მოძრავი მატარებლები კოპიტნარის სადგურში არ ჩერდებიან.
ნეტგაზეთი გზების დეპარტამენტსაც დაუკავშირდა, სადაც ჯერ ვერ ამბობენ, როდის დასრულდება სადგურამდე მისასვლელი გზის დაგება. უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტირების სამუშაოების დასაწყებად მთავრობის განკარგულებას ელოდებიან:
“თუ არცერთი ტენდერი არ ჩაიშალა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა ასე გარანტირებულად თარიღის თქმა რთულია.”