ახალი ამბები

სააკაშვილი მერაბიშვილს პოლიტიკურ ტაიმაუტს ურჩევს

10 თებერვალი, 2020 • 3250
სააკაშვილი მერაბიშვილს პოლიტიკურ ტაიმაუტს ურჩევს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში პოლიტიკური ტაიმაუტის აღებას ურჩევს. ამ საკითხზე სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში ისაუბრა.

გვარამიამ მას ჰკითხა შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოწყობილ შტაბს უნდა უხელმძღვანელოს ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ციხეს რამდენიმე დღეში ტოვებს. სააკაშვილმა ეს არ დაადასტურა.

“ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი ხანი ზის იქ მხოლოდ იმიტომ, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და იბოდიალა ტყუილები, რაც ვიღაცევმა იკადრეს. ამიტომ მის მიმართ მე მაქვს პირადი ვალდებულებების განცდა, თუმცა მე ვხედავ იმ შეცდომებსაც რაც დაუშვა ვანომ, იმ გადაცდომებსაც ვხედავ, რაც მაშინ ჩვენ სისტემებში დაუშვეს. რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, თუმცა შეიძლება ესეც არ ყოფილიყო შემაკავებელი და ასე ჩაეგდო ხელში ჩვენი ქვეყანა პირად დუქნად. ამიტომ, რომ თქმა უნდა ამის პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანზეა, მაგრამ მე მაქვს ჩემი პირადი ემოცია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ როცა ვანო ჩასვეს ციხეში, სრულიად უდანაშაულოდ, რაც მას მიუსაჯეს, ეს სრულიად სასაცილო იყო… მას შემდეგ რაც ვანო ჩასვეს ციხეში, იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა”, – განაცხადა სააკაშვილმა და აიფონის ასევე უბერის მაგალითი მოიყვანა.

“მაგალითად ასეთი აიფონები არ არსებობდა, ნოკიები იყო… არ იყო უბერი და ა.შ. ვანო როცა ჩასვეს მსოფლიო იყო სხვა.

მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ბედნიერებით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა სააკაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ექნება მერაბიშვილთან შეხვედრის და მადლობის გადახდის საშუალება, თუმცა მისი თქმით, მომავალში გახედვა ნიშნავს ახალი ხალხისთვის შანსის მიცემას და არა ტრიალს ერთ წრეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი