ახალი ამბები

არანაირი ვაჭრობა, საპროცესო შეთანხმებები და აღიარებები არ იქნება – უგულავა

9 თებერვალი, 2020 •
არანაირი ვაჭრობა, საპროცესო შეთანხმებები და აღიარებები არ იქნება – უგულავა

გიგი უგულავა, რომლის საქმეზეც ხვალ უზენაესმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს, აცხადებს, რომ არანაირი ვაჭრობა და საპროცესო გარიგებები არ იქნება. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში, გიორგი თარგამაძის გადაცემაში განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი შესაძლოა პატიმრობის საკითხს სავაჭრო თემად განიხილავდეს, თუმცა ეს ასე არ მოხდება:

“ივანიშვილი როგორც ბუნებით ქორვაჭარი, შეიძლება, ასე უდგებოდეს საკითხს. მინდა იმედი გავუცრუო, არანაირი ვაჭრობა, არანაირი საპროცესო შეთანხმებები და ბრალის აღიარებები, დაგიჭერ და მერე 100/50-ზე [საარჩევნო სისტემა] დათანხმდი – არ იქნება”, – განაცხადა უგულავამ.

2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

უგულავას გარდა, ამ საქმეზე ბრალდებული იყო თბილისის მერიის ხუთი ყოფილი თანამშრომელი: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე; თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე; თბილისის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსი თაბუაშვილი; ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.

“უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესებულმა მოსამართლეებმა პირველი პოლიტიკური დავალება უკვე მიიღეს. 10 თებერვალს კოლეგია, მერაბ გაბინაშვილისა და შალვა თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ საქმეზე, ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე. ეს არის საქმე, რომელიც პირველ ინსტანციასა და სააპელაციოში დასრულდა ისე, რომ გიგი უგულავას სასჯელი უკვე მოხდილად ჩაეთვალა. დღეს, როცა [უზენაესმა] სასამართლომ საქმის განხილვა განაახლა, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ თადუმაძისთვის დავალებაა მიცემული, რომ გიგი უგულავას თავისუფლება აღუკვეთონ”, – აცხადებს ბასილაია.

გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობას აყენებს.

ბასილაიას განმარტებით, თბილისის განვითარების ფონდის საქმის გამოძიების დროს შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა, შესაბამისად, მას ექნებოდა გარკვეული შეხება აღნიშნულ საქმესთან, რაც მის ობიექტურობას გამორიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი