ახალი ამბები

“პეგასუსის” თვითმფრინავი სტამბოლში დაშვებისას ნაწილებად დაიშალა

5 თებერვალი, 2020 • 3188
“პეგასუსის” თვითმფრინავი სტამბოლში დაშვებისას ნაწილებად დაიშალა

სტამბულის “საბიჰა გოქჩენის” საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია “პეგასუსის” სამგზავრო თვითმფრინავი, Boeing 737-800 ასაფრენი ბილიკიდან მოსრიალდა და ნაწილებად დაიშალა. თვითმფრინავს გაუჩნდა ცეცხლი, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა მისი ჩაქრობა დროულად შეძლეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა იზმირი-სტამბულის რეისი შეასრულა. ბორტზე 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა დაზიანებული თვითმფრინავის კადრები. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საავადმყოფოებში 50-მდე ადამიანია გადაყვანილი.

ბოლო მსგავსი ინციდენტი “პეგასუსის” თვითმფრინავს 2018 წლის იანვარშიც შეემთხვა. მგზავრებით სავსე თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე მოსრიალდა და შავი ზღვის სანაპიროზე ჩაცურდა. ბორტზე მყოფი 168 ადამიანიდან იმ დროსაც არავინ დაღუპულა.

“პეგასუსი” არის 20 წლის ავიაკომპანია, რომლის ავიაპარკში 83 საჰაერო ხომალდია, მათგად 47 ბოინგი და 36 ეარბასი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი