“როდესაც ჩვენი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოვიდა, განსაკუთრებულ პრიორიტეტად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სათანადო პირობების შექმნა დავისახეთ. ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ იმ წარმოუდგენელ პირობებში, როგორშიც წლები გაატარეს, და ეტაპობრივად ჩვენ დავძლევთ ამ პრობლემას. სწორედ ამ ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვას. ჩვენ უკვე შევისყიდეთ 35 ბინა ამ კორპუსში, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს კიდევ 18 ბინას ჩავიბარებთ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განმარტებით, პროექტი იძლევა ქართველი მენაშენეების წახალისების, დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის საქმეში მენაშენეების ჩაბმის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ზოგადად სამშენებლო ბიზნესის განვითარებას.
“მადლობა გეკუთვნით თქვენ ამდენი მოთმინებისთვის და გაჭირვების ღირსეულად გადატანისთვის,”- განუცხადა პრემიერმა დევნილებს, რომლებიც საცხოვრებელ ბინებს მთავრობის ცნობით 21 წელი ელოდნენ.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. დღეს შმიდტის ქუჩა N2-ში არსებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი 35-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.დარჩენილი 18 ბინა დევნილ ოჯახებს 2015 წლის ბოლოს გადაეცემათ, აცხადებს საქართველოს მთავრობა.
