აფხაზი აქტივისტები, ჯანსუღ ადლეიბა და ასტამურ კაკალია დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ ანტიკორუფციული კანონების მიღების მიზნით პიკეტს აწყობენ.
აქტივისტები გაეროს კონვენციის მე-20 მუხლის დაუყოვნებლივ რატიფიკაციას და დეპუტატებისა და ჩინოვნიკების ქონებრივ დეკლარაციების სავალდებულო შევსების შესახებ კანონის მიღებას ითხოვენ.
კანონი ამ ეტაპზე ორი მოსმენით უკვე მიღებულია, თუმცა მის საბოლოო მიღებამდე კიდევ ორი მოსმენაა დარჩენილი. აქტივისტები მის მიღებას დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოითხოვენ.
მომიტინგეებთან დეპუტატი ასტამურ ლოგუა მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მიტინგის აზრს ვერ ხედავს, რადგანაც მოსმენები ჯერ კიდევ წინაა.
“თქვენ უბრალოდ დროს კარგავთ და ადამიანებს აცდენთ”, – ამბობს ლოგუა, თუმცა, მომიტინგეების აზრით, ყურადღების მიქცევის გარეშე, კანონი ჩავარდება.