ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არასამთავრობოები საერთაშორისო საზოგადოებას ახალგორის კრიზისზე მიმართავენ

3 თებერვალი, 2020 •
არასამთავრობოები საერთაშორისო საზოგადოებას ახალგორის კრიზისზე მიმართავენ

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო საზოგადოებას ახალგორში წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით მიმართავენ.

“საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი ვართ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისით და მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი ზიანისგან დავიცვათ.

მოგიწოდებთ, გაზარდოთ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის მქონე ძალაზე, რათა დაუყოვნებლივ გაიხსნას ოძისი-მოსაბრუნის გადასასვლელი, შეწყდეს სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან და საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობა.

ასევე, მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ყველა საჭირო ზომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად მისაწოდებლად”.

მიმართვის ადრესატები არიან: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, Amnesty International-ის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორი და Freedom House-ის პრეზიდენტი.

2019 წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაიკეტა მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის. მათი უმეტესობა აღნიშნულ პუნქტს ყოველდღიურად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და სოციალური სერვისების მისაღებად იყენებს, აგრეთვე, ნათესავებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად.

მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომლითაც დღეში საშუალოდ 400 ადამიანი სარგებლობდა, ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება.

“უცნობია, როდის მოხდება დაწესებული შეზღუდვის გაუქმება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას – როგორც ქართველებს, ისე ოსებს – საფრთხის წინაშე აყენებს. არაერთმა ახალგორელმა გადაადგილების აკრძალვამდე დატოვა საკუთარი სახლი და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. ადგილზე დარჩენილები კი, რომელთა რაოდენობა 1 000 ადამიანს აღწევს, მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის, მათ შორის საკვების უკმარისობის და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე გაძვირებული ფასების პირისპირ აღმოჩნდნენ”.

გადაწყვეტილება განსაკუთრებით ხანდაზმულებს შეეხოთ, აგრეთვე, სტუდენტებს და მათ, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. შეზღუდვამ უკვე იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე;

“ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო ახალგორის ათამდე მცხოვრები გარდაიცვალა. მათ შორისაა სოფელ იკოთის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნება არ დართო. დეკემბერსა და იანვარში, შესაბამისად, დე ფაქტო ხელისუფლებამ გადასასვლელით სარგებლობის უფლება შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს მისცა – კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებსა და რამდენიმე ათეულ პენსიონერს. თუმცა ეს ზომები დროებითი და არასაკმარისი აღმოჩნდა ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად”.

არასამთავრობოთა განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გალისა და ახალგორის მოსახლეობის უფლებები თანდათანობით შეიზღუდა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები.

“ისინი კი, ვინც შეზღუდვების წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა, დე ფაქტო მთავრობების დევნის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ამის კარგი მაგალითია ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარა მეარაყიშვილი, რომელიც შიშობს, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიმართ მის მიერ გამოთქმულმა ღია კრიტიკამ, შესაძლოა, საბოლოოდ მისი რეგიონიდან გაძევება გამოიწვიოს. არცთუ ისე იშვიათია ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევებიც, მათ შორის, უკანონო პატიმრობა და სიცოცხლის ხელყოფა. ამას ადასტურებს დავით ბაშარულის (2014 წ.), გიგა ოთხოზორიას (2016 წ.), არჩილ ტატუნაშვილის (2018 წ.) და ირაკლი კვარაცხელიას (2019 წ.) გარდაცვალების საქმეები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი