კორონავირუსის ლაბორატორიული დადასტურება საქართველოში, სავარაუდოდ სამშაბათიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
გამყრელიძის თქმით ამჟამად ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის 5 ქვეტიპის ლაბორატორიულად დადასტურება ხდებოდა, თუმცა არა იმ სახეობის, რომელიც ამჟამად ჩინეთში ცირკულირებს. სავარაუდოდ სამშაბათიდან კი ამ ქვეტიპის პრაიმერებიც იქნება საქართველოში, რაც სპეციალისტებს კორონავირუსით ავადობის შემთხვევაში, მისი საქართველოშივე დადასტურების შესაძლებლობას მისცემს:
“ჩვენ 5 ქვეტიპს კორონავირუსისას ლაბორატორიულად ვადასტრებთ აქ და დიაგნოზს ვსვამთ. არ გვქონდა ჯერჯერობით ამ ქვეტიპის, რომელიც დღეს ცირკულირებს ჩინეთში. მისი პრაიმერებიც გვექნება დიდი ალბათობით სამშაბათს და შეიძლება ჩვენ აქვე ჩავატაროთ ტესტირება ამ ადამიანების. არანაირი პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ არის საქართველოში არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირების” – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამ დროისთვის, ვინაიდან საქართველოში კორონავირუსზე პირდაირი ტესტირება არ ხდება, პაციენტებს, კომპლექსური გმაოკვლევები უტარდებათ და მათ გამორიცხვის მეთოდით 20-მდე სხვა გამომწვევზე ამოწმებენ. გადამოწმების მიზნით კი მათი ანალიზები გერმანიაში იგზავნება, სადაც უშუალოდ კონორონავირუსის ამ ქვეტიპზე ხდება ლაბორატორიული კვლევა.