თბილისის საქალაქო სასამართლომ “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს სამ წევრს 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურორის, ანა მეტრეველის განცხადებით, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და გაითვალისწინა ყველა გარემოება, რასაც ბრალდების მხარე პროცესზე ასაბუთებდა.
დღეს, 31 იანვარს, პროკურატურამ ხაბეიშვილის ცემის გამო საკრებულოს სამ წევრს „ქართული ოცნებიდან“ ბრალი წაუყენა, მოგვიანებით ბრალი წაუყენა თავად ხაბეიშვილსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლი ზარქუასთან, ფიზიკური დაპირისპირების გამო. ხაბეიშვილზე თავდასხმისთვის ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.