აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ კონგრესმენების პოზიცია სერიოზულად უნდა აღიქვას.
ფრიდის თქმით, კონგრესის წევრების შეშფოთების უარყოფა ან ქედმაღლურად იმის თქმა, რომ ისინი უცოდინრობით მოქმედებენ, ვითარებას არ გამოასწორებს.
“კონგრესის თანამშრომლები ძალზედ გამოცდილი ხალხია. თუ საქართველოს მთავრობას არ მოსწონს კონგრესის შეხედულებები, მათ უნდა ჰქონდეთ სერიოზული საუბარი ამ საკითხზე, რათა საქართველოს სამგანზომილებიანი სურათი დაანახონ. ინდივიდუალური შეხედულებების მოცემულობად მიღება არასწორია და რომელი ქვეყნის ოპოზიციასაც არ უნდა ელაპარაკებოდე, მოვლენებზე საკუთარი აზრი უნდა გქონდეს. თუმცა საქართველოს მთავრობამ შეშფოთების უბრალოდ უარყოფაზე მეტი უნდა გააკეთოს, რადგან ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კონგრესის არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად საქართველოს აწყობს. მე კონგრესის ყველა შეშფოთებას არ ვიზიარებ და ვამბობ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი არგუმენტი“, – ამბობს ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბარში.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ.
წერილში,კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები დაიცვას და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.
მანამდე გახარიას კრიტიკული წერილები მისწერეს სენატორმა როჯერ ვიკერმა და კონგრესმენებმა.
აშშ-ის სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას