ახალი ამბები

ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს

31 იანვარი, 2020 •
ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს

ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლი ზარქუასთან, ფიზიკურ დაპირისპირებას.

თავად ლევან ხაბეიშვილი და მისი ადვოკატი ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ დაპირისპირებამდე ხაბეიშვილის პროვოცირებას ცდილობდნენ. ამასთანავე, ორივე ამბობს, რომ საქმე პოლიტიზებულია და ხაბეიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ემსახურება.

„ერთი რამე უნდა გითხრათ, საბრალდებო დოკუმენტი როდესაც ჩამბარდა, სადაც წერია, „ოცნების“ ამ დეპუტატებს რომ დაერიე და ფიზიკურად გაუსწორდიო … გამოძიება ამბობს, რომ მე და ზარქუას ერთნაირი დაზიანებები გვქონია. ცირკს უფრო ჰგავს. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რამდენად რეალურია ის პროცესი, რაშიც ვართ და რამდენად სამართლებრივია.

დაგეგმეს პროვოკაცია, დაგეგმეს ჯგუფური ძალადობა, თავდასხმა და შემდეგ ამბობენ, რომ ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო“, – ამბობს ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან.

მანამდე პროკურატურამ ამ საქმეზე ხაბეიშვილი „საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით“ დაიბარა.

პროკურატურის განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცლედა. ამავე განცხადებაში პროკურატურა წერდა, რომ „24 იანვარს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, უწყება ამბობს, რომ სასამართლოს ხაბეიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა:

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე  ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს.

მას  ბრალად ედება   დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით  გირაოს გამოყენების შუამდგომლობით  მიმართა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი