“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მასზე თავდასხმის დაკვეთაში ადანაშაულებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ვოლსკის. დეპუტატი ბრალდებას უარყოფს.
გვარამიას თქმით, გუშინ, 30 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
“ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანები არის ჩუღურეთიდან, სვანეთის უბნელები, არიან ბატონი ვოლსკის შტაბის წევრები, მასთან ივენთებზე ხშირად შემჩნეული, და აბსოლუტური რწმენა მაქვს, რომ ეს ხალხი არის გამოგზავნილი ბატონი ვოლსკის მიერ. ამავდროულად, ბატონი ვოლსკი არის პოლიტიკოსი და პასუხს აგებს თავის აქტივისტებზე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია მოითხოვს, გიორგი ვოლსკის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორების დაკვეთის ბრალდებით და დატოვოს დეპუტატის მანდატი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გვარამიას ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.
“როგორც თქვენი ტელევიზია, მთლიანად, ასევე, ნიკა გვარამია არის უნამუსო, ფეიკნიუსების მომგონი ადამიანი და არანაირად არ ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს”, – განაცხადა ვოლსკიმ და “მთავარი არხის” ჟურნალისტს მოუწოდა, “ნუ გაისვრება ისეთ რამეში, რაც შეიძლება ხვალ სანანებელი გაუხდეს”.
ნიკა გვარამიას 30 იანვარს საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სამი პირი დასაკითხად გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.