ჟურნალისტმა ხაჯიმბას პარლამენტის სხდომაზე ახლახან მომხდარი ფაქტი შეახსენა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ ღიად განაცხადა, რომ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, რომლითაც ხელფასები და პენსიები უნდა გაიზარდოს, რუსეთი შინაგან საქმეთა ორგანოს, რუსულ-აფხაზური საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე დასტურს ითხოვს. კითხვას, ხომ არ ართულებს ეს გარემოება შეთანხმების მიღწევას, ხაჯიმბამ უპასუხა, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლებიდან საკითხი ამ სახით არავის დაუსვამს. მისი თქმით, იდეა შეთანხმების განხორციელების შესახებ ექპერტულ დონეზე იქნა გახმოვანებული.
“მე არ ვიზიარებ მსგავს მიდგომას, რამდენადაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მაღალი ნდობა, რომელიც დაფუძნებულია ჩვენი მოკავშირეობის ხანგრძლივ ისტორიულ ტრადიციებზე”, – განაცხადა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, მსგავსი თანამშრომლობის პრაქტიკა მსოფლიოში ცნობილია და მასში მონაწილე სახელმწიფოები ეყრდნობიან იმ გამოცდილებას, რომ არსებობს ტრანსსასაზღვრო საერთაშორისო დანაშაულებები, რომელთან ბრძოლაც ძალების კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის გარეშე შეუძლებელია და ეს არანაირად არ არღვევს მათ სუვერენიტეტს.
“დაახლოებით 40-50 ადამიანი იქნება ცენტრის შემადგენლობაში, რომლის ამოცანებიც იქნება მხარეებს შორის შინაგანი საქმეების შესახებ თანამშრომლობის ორგანიზება და დახმარება. ამასთან, თანამშრომლების ნახევარი აფხაზი სპეციალისტები იქნებიან”, – აცხადებს აფხაზეთის ლიდერი.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |