ახალი ამბებისამართალი

ჟამი როდის დადგება? – მოსამართლის კითხვა „უჩიპო“ პირადობების საქმეზე

29 იანვარი, 2020 • 10643
ჟამი როდის დადგება? – მოსამართლის კითხვა „უჩიპო“ პირადობების საქმეზე

„მობილურ ტელეფონს ხომ იყენებთ? იქნებ, მითხრათ, რა განსხვავებაა მობილური ტელეფონის „ჩიპსა“ და პირადობის მოწმობის „ჩიპს“ შორის?“ – ჰკითხა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ მოსარჩელეებს, რომლებიც „უჩიპო“ პირადობის მოწმობებს რელიგიური მოტივით ითხოვენ და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს.

„წმინდანი გვაფრთხილებს, რომ ეს არის ეშმაკის ბეჭედი“, – ხმამაღლა უპასუხა კითხვას მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა სასამართლო პროცესზე და პაუზის შემდეგ დაამატა:

„არ შეიძლება მობილური ტელეფონი და პასპორტი ერთმანეთს შეადარო. არ მინდა, რომ ინფორმაცია ერთ „ჩიპზე“ იყოს თავმოყრილი. მე არც საბანკო ბარათი მაქვს, მობილური ტელეფონი შვილის სახელზე მაქვს თან გაფორმებული“, – აღნიშნა ნანა სეფაშვილმა.

„პირადობა საჭიროა ყველგან და მობილურს მინდა გამოვიყენებ, მინდა – არა,“ – მოკლედ მიუგო იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს მოსარჩელე ია რეხვიაშვილმა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პირადობის მოწმობა, რომელიც ელექტრონულ მატარებელს შეიცავს, ანუ „ჩიპიანია,“ რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს და არის ანტიქრისტეს ნიშანი.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 29  იანვარს ამ საქმის არსებითი განხილვა დასრულდა.

კითხვა-პასუხის პროცესში მოსამართლეებიც ჩაერთნენ.

„ჩვენც არ ვამბობთ, რომ ეს არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ ეს არის ამის წინასახე… თუ ასე გაგრძელდა, მერე „ჩიპებს“ ადამიანების სხეულშიც განათავსებენ იმპლანტების სახით. ეს იქნება სრული აპოკალიფსი,“ – მიმართა მოსამართლეს მოსარჩელე ია რეხვიაშვილმა.

„ანტიქრისტე უნდა მოვიდეს ხო?“ – იკითხა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ.

„კი, დაწყებულია უკვე პროცესი“, – მიმართა მოსამართლეს ია რეხვიაშვილმა და ვრცლად მიმოიხილა, რა წერია იოანე ღვთისმეტყველის წერილში.

„პირდაპირ ასე წერია, რომ ელექტრონული ჩიპები ანტიქრისტეს ნიშანიაო?“ – დიალოგში ჩაერთო მოსამართლე ევა გოცირიძეც.

„ეს არ წერია, მაგრამ ესაა წინასახე… ეს არის მეორედ მოსვლის ნიშანი,“ – რამდენჯერმე გაიმეორა ია რეხვიაშვილმა.

„ადრეც იყო დაანონსებული მეორედ მოსვლა, აპოკალიფსი…“ – ჩაილაპარაკა მოსამართლე გიორგი კვერეჩხილაძემ და იქვე იკითხა: „ჟამი როდის დადგება?“

„არ ვიცი. ცრუ წინასწარმეტყველებებიც ბევრია,“ – უპასუხა მოსამართლეს ია რეხვიაშვილმა.

„თქვენ გინდათ, თავი მოაწონოთ ევროპას, მაგრამ ჩვენი უფლებაა შინაგანი რწმენა დავიცვათ,“ – მიუბრუნდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მოსარჩელეები. მათი თქმით, ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, სადაც ალტერნატივა არსებობს და სავალდებულო არაა ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება.

„გაყალბება რომ მოგინდეთ?“ – მიმართა მოსარჩელეებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

„გაყალბების დასაცავად ბევრი რესურსია სახელმწიფოში“, – უკან არ დაიხია ნანა სეფაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვა ლოჯისტიკური მიდგომაა და, ზოგადად, საქართველოში ამ კუთხით მაღალი სტანდარტია. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროპული სტანდარტი ელექტრონული მოწმობების გაცემას გულისხმობს.

„მართალია, რელიგიური ნიშნით არ მომხდარა, მაგრამ ბრიტანეთმაც ჩათვალა, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობებით მოხდებოდა ტოტალური კონტროლი,“ – განაგრძო დისკუსია მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა.

„არა, ეს გამორიცხულია. ჯერ ერთი, დიდი ბრიტანეთი მეორე ადგილზეა ქუჩაში სათვალთვალო კამერების რაოდენობით, კონტროლის კუთხით ასე ვერ იქნებოდა…“ – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

„სასწავლო დაწესებულებებშიც ბევრია, კი“, – ჩაერთო დიალოგში მოსამართლე მერაბ ტურავა.

როგორ შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონული პირადობის მოწმობა რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფად, როცა ამას ასე არ უყურებს საპატრიარქო? – ვკითხეთ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსარჩელე ია რეხვიაშვილს.

„პრესას ერთი საკითხი გაინტერესებთ მხოლოდ, საპატრიარქო თუ ეწინააღმდეგება, მაგრამ ერთი რამაა: აქ ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზეა საქმე. ეკლესია აღიარებს, რომ არსებობს ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მართლმადიდებლურ სამყაროში და სახელმწიფომ უნდა გაიზიაროს მრევლის იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არის ანტიქრისტეს წინასახე, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ძალიან ბევრი სასულიერო პირია საქართველოშიც, ვინც ამ საკითხს ასე უყურებს. მეუფე იობის სარჩელიც ჰქონდა და ბოლომდე იბრძვის…  საბერძნეთში მილიონიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა ამ საკითხზე და წმინდა პაისი ედგა წინ, იქ დაუშვეს ალტერნატივა,“ – გვითხრა ია რეხვიაშვილმა.

26 დეკემბრის შემდეგ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „უჩიპო“ პირადობის გაცემა დაუშვა, იუსტიციის სახლებში 96-მა მოქალაქემ მოითხოვა პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლის, ანუ „ჩიპის“ გარეშე. 28 იანვრის მონაცემებით, გაცემულია 32 პირადობის მოწმობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი