“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთის დელეგაციის “კანონის გვერდის ავლით” ქვეყანაში შემოშვებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს არის კანონის დარღვევა.
“როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენ კანონს დავარღვევთ, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრის” ეთერში.
მისი თქმით, რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით შეიძლება მოვიქცეთ ისე, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემთხვევაში და ეს სხდომა არ უნდა ჩატარდეს საქართველოს პარლამენტში.
“რაც შეეხება ბატონ ლავროვს, ძალიანაც რომ შეეხვეწოს ივანიშვილი, ვფიქრობ, ლავროვი არ ჩამოვა და ალბათ, ამ ვითარებაში არც იქნება ეს სწორი. არ არის ახლა ის ვითარება, რომ ჩვენ განვაცხადოთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდეს. ისევე, როგორც რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე იყო საუბარი. ზოგადად, მე და ალბათ, არცერთი ადამიანი არცერთი ქვეყნის კულტურის ცენტრის გახსნის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ დღეს მეც კი არ ვიყავი მომხრე იმისა, რომ რუსული კულტურის ცენტრი გახსნილიყო საქართველოში, რადგან ეს პოლიტიკური ვითარება არ არის, უფრო გამწვავებას და სირთულეს გამოიწვევს. ხელისუფლებას რომ მოეხერხებინა, რომ რაღაც პოზიტივი ყოფილიყო რუსულ-ქართულ ურიერთობაში, მაშინ ეს პრობლემა ნაკლებად მწვავედ დაისმებოდა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.