აზარტული თამაშების წარმდგენი კომპანია “ლაქი სთრიმის” თანამშრომლები უკვე შვიდი დღეა ოფისს არ ტოვებენ და კომპანიისგან სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.
როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა სოფო სიმონიშვილმა დღეს, 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თქვა, კომპანიას 50-ზე მეტი თანამშრომლის მიმართ ერთი, ორი, ზოგ შემთხვევაში კი, სამთვიანი დავალიანება აქვს. სიმონიშვილის განცხადებით, კომპანიის დირექტორი გიორგი კაკაშვილი თანამშრომლებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა, დავალიანების გადახდის დაპირება მისცა, თუმცა თანამშრომელბს არ სჯერათ, რომ ეს კომპანია მათ კუთვნილ ხელფასს გადაუხდის. “ლაქი სთრიმის” თანამშრომლები სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.
“ვითხოვთ კუთვნილ ანაზღაურებას გონივრულ ვადებში. ის შეგვპირდა ანაზღაურების გადახდას, თუმცა თანხა თვეების მიხედვით უნდა გადანაწილებულიყო. არანაირი გარანტია არ მოუცია. ეს სიტყვიერი დაპირება იყო. ჩვენ ასევე მივმართავთ სახალხო დამცველს, შრომის ინსპექციას”, – ამბობს სოფო სიმონიშვილი.
კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომლის, დავით პატარაიას თქმით, ისინი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ სთხოვენ. დასაქმებულთა ინტერესებს “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენელი დავით ომსარაშვილი იცავს. კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ოფისში განთავსებულია კომპანიის კუთვნილი მოძრავი ქონება, რომლის გაყიდვის შემთხვევაში, „ლაქი სთრიმის“ თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს მიიღებენ.
“სასამართლოსთვის მიმართვის საკითხზე ვმუშაობ, შესაბამისად, გადაჭრით იმის თქმა, რამდენი ადამიანის წარმომადგენელი ვიქნები, ზუსტად არ ვიცი. წინაწარი ინფორმაციით, დაახლოებით 50 ადამიანის ინტერესებს დავიცავ. დღეიდან განცხადებების დაწერას ვიწყებთ და რამდენიმე დღეში სახალხო დამცველთან ერთად შრომის ინსპექციასაც მივმართავთ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ფინანსური კრიზისი აქვთ. აქ შეკრებილ ადამიანებს კომპანიის მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული. დასაქმებულები ითხოვენ, რომ თუ კომპანიას გარკვეული კრიზისი აქვს, წარმოადგინონ დოკუმენტები და ამ ადამიანებს დაუმტკიცონ, რომ ნამდვილად კრიზისი აქვთ. ჯერჯერობით ეს ადამიანები ამ ოფისს არ ტოვებენ, რადგან კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ. ეს ადამიანები ოფისში იქნებიან მანამდე, სანამ თავად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას დატოვებაზე”, – ამბობს ადვოკატი.
შპს “ლაქი სთრიმი” 2019 წლის ივნისშია რეგისტირებული, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი კაკაშვილია. კომპანია ინტერნეტ სამორინე უნდა ყოფილიყო, რომელიც სერვისს სხვა ქვეყანაში გაყიდიდა. კაკაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას 45-მდე თანამშრომელი ჰყავს და ყველასთან შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
ნეტგაზეთთან საუბრისას კომპანიის დირექტორი თანამშრომლების მიმართ არსებულ დავალიანებას აღირებს და ამბობს, რომ კომპანიამ დავალიანების დაფარვის საკუთარი გეგმა შესთავაზა, რაზეც თანამშრომლები არ დათანხმდნენ. ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ წარმოეშვა “ლაქი სთრიმს” ფინანსური პრობლემა, გიორგი კაკაშვილი ამას კომპანიის თანამშრომლებს აბრალებს.
“პროექტი ვერ გაუშვეს… გადავადდა სამჯერ”, – უთხრა კაკაშვილმა ნეტგაზეთს. მისივე თქმით, თუ დასაქმებულები სასამართლოს მიმართავენ, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებენ.
“ისინი მოითხივდნენ, მიმდინარე თვეში 5-6 დღეში გადაგვეხადა დავალიანება, რისი საშუალებაც არ გვქონდა. არარეალისტური იყო ეს მოთხოვნა. რაც შეეხება დავალიანებას, სამი თვე ან ხუთი თვეც იყო ნათქვამი, ეს სიმართლე არ არის. დავალიანება ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ, ზოგთან ერთი თვის დავალიანებაა… თვითონ აქვთ შეუვალი პოზიცია, რაც სამუშაო ფორმატში არანაირად არ ჯდება. 5-6 დღეში დავალიანება რომ დაგვეფარა, მთლიანი თანხის დაახლოებით 60%-ს ვუფარავდით, დანარჩენს – შემდეგ თვეში. ამაზე კატეგიორიული უარი მითხრეს” ,- ამბობს “ლაქი სთრიმის” დირექტორი.