ახალი ამბები

მაჩალიკაშვილს საგამოძიებო კომისიის საკითხზე დამოუკიდებელი დეპუტატების იმედი აქვს

29 იანვარი, 2020 •
მაჩალიკაშვილს საგამოძიებო კომისიის საკითხზე დამოუკიდებელი დეპუტატების იმედი აქვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას თემრილან მაჩალიკაშვილის საქმეზე. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანამდე მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

“რასაც მდინარაძე, თალაკვაძე და ვოლსკები იძახიან, გასაგებია, მათ არ უნდათ ამ კომისიის შექმნა, რადგან ისინი საშიშროებას ხედავენ, რომ ამ საქმეს გადაჰყვებიან”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა და დასძინა, რომ ეს ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, რადგან მას სხვა დეპუტატების იმედი აქვს.

“ყველა დამოუკიდებელი დეპუტატის და ოპოზიციის, მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი მაქვს”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

“ერთიან ნაციონალური მოძრაობას” პარლამენტში ინიცირებული აქვს დადგენილების პროექტი “2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე”. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედი, ე.ი. 50 დეპუტატის მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება. ამჟამად პარლამენტში 54 დეპუტატია, რომელიც უმრავლესობის მიღმა პლატფორმაზე პოზიციონირებს, “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნებიდან” გასული დამოუკიდებელი დეპუტატების ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი