“ამის მუდმივად გაგრძელება არ შეიძლება, ტოლერანტობას თავის საზღვარი აქვს. მოთმინებას იმდენ ხანს იჩენენ, რამდენიც სჭირდება დიალოგის მიღწევას,  ერთმანეთის გაგებას, პრობლემის ადამიანურად გადაჭრას და არა – უცერემონიოდ და ძალით. როცა ავლენენ ნიჰილიზმს, უარყოფენ ყველას და ყველაფერს, როცა არ მიდიან დიალოგზე, მაშინ პოლიცია იძულებულია აღადგინოს საზოგადოებრივი წესრიგი”, – აცხადებს გასპარიანი.


28 ივნისს, საღამოს, სომხეთის პოლიციის უფროსმა მანიფესტანტებს 30 წუთის განმავლობაში ბაგრამიანის მოედნის გათავისუფლება მოთხოვა, თუმცა აქციის მონაწილეებს გამზირი არ დაუტოვებიათ. “კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, სომხეთის დროით 21:30-ზე ერევნის ცენტრში 10 ათასი ადამიანი იმყოფებოდა და როდესაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, დემონსტრანტებთან ერთად, ინტელიგენციის, შოუ-ბიზნესის, კინოს, თეატრის წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა “ცოცხალი კედელი” აღმართეს.

 

“კავკაზსკი უზელი” წერს, რომ ამ დროისთვის ბაგრამიანის მოედანზე 300-მდე აქტივისტი რჩება. მოედანზე იმყოფებიან ასევე პოლიციელები და მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.


27 ივნისს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ კომპანია “სომხეთის ელექტროქსელებში” აუდიტის ჩატარებამდე, ელექტროენერგიაზე ძველი ტარიფი შენარჩუნდება. თუმცა მომიტინგეებმა მისი წინადადება არ მიიღეს იმ მოტივით, რომ აუდიტს ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯად მიიჩნევენ და განაცხადეს, რომ ბაგრამიანის გამზირი კვლავ გადაკეტილი ექნებათ.


ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქციები ერევნის ცენტრში რამდენიმე დღეა გრძელდება. 23 ივნისს, გამთენიისას, სპეცრაზმმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. epress.am-ის ინფორმაციით, დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა აქციის 237 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *