ახალი ამბები

პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ კონსტიტუციაში ოჯახზე ჩანაწერი გაკეთდეს

29 ივნისი, 2015 •
პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ კონსტიტუციაში ოჯახზე ჩანაწერი გაკეთდეს

“აზრი არ შემიცვლია, ისევ იმ პოზიციაზე ვარ და ვიქნები ყოველთვის. რაზე დგას ქართული სახელმწიფო? – ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა, და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე ძლიერი სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყოველნაირი სიწმინდის საწინდარი. ამდენად, მე როგორც პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა. დღეს მსოფლიოში ამ საკითხს ყველა თავისებურად წყვეტს, ჩვენ კი ვთვლით, რომ ეს საკითხი საქართველოში ასე უნდა მოგვარდეს”, – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა “ასავალ-დასავალის” კითხვას, ისევ მიაჩნია თუ არა საჭიროდ, რომ კონტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდეს.

 

ინტერვიუ დღეს, 29 ივნისის, გამოქვეყნდა. 2014 წლის 28 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა. პრემიერის მაშინდელი განცხადება დაემთხვა პერიოდს, როდესაც პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე მუშაობდა. 

 

მოქალაქეთა ნაწილი კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა და აქციებს მართავდა, მიაჩნდათ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჰომოსექსუალობას “დააკანონებდა.” პრემიერის მაშინდელი ინიციატივა დაგმეს ადამიანის უფლებების დამცველებმა და ლგბტ თემის წევრებმა.

 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ლგბტ თემის წევრები და ადამიანის უფლებების დამცველები ქორწინების თანასწორობისთვის იბრძვიან. ერთ-ერთი ბოლო სახელმწიფო, რომელმაც ქორწინების თანასწორობას მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ გეი და ლესბოსელი წყვილებს დაქორწინების უფლება აქვთ, ამერიკის შეერთებული შტატებია.

ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო –  პრემიერის Facebook გვერდიდან
ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი