ახალი ამბები

კოლეგებთან ერთად კალაძეს რომ ვცემო, მაშინვე დამაკავებენ – ხაბეიშვილი

27 იანვარი, 2020 •
კოლეგებთან ერთად კალაძეს რომ ვცემო, მაშინვე დამაკავებენ – ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი, რომელიც თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებმა სხდომის დროს სცემეს, შერჩევით სამართალზე საუბრობს.

ხაბეიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” წევრების მსგავსად რომ მოქცეულიყო და მაგალითად, თბილისის მერ კახა კალაძისთვის მიეყენებინა ფიზიკური შერაცხყოფა, ახლა დაკავებული იქნებოდა:

“კალაძე რომ ვცემო… მაგალითად, ფარჩაკს რომ მეძახის ან  ხან მთაწმინდიდან გამოექანეო, ნაძვის ხეზე დაგკიდებო.. ანუ იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მომაყენა. მე რომ ვცემო, ოღონდ მარტომ არა, ჩემს კოლეგებთან ერთად. ჯგუფურად, დაგეგმილად… ამან ეს მითხრა და ამიტომ ჩავულურჯე თვალი-მეთქი, რა თქმა უნდა, მყისიერი რეაგირება იქნება და მაშინვე, ჩემს კოლეგებთან ერთად, დამაკავებენ. ჩემი წინასწარმეტყველება საზოგადოებამ დაიმახსოვროს.. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ასე ტურებივით დამესივნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ, საბოლოო ჯამში ხაბეიშვილი იქნება დამნაშავე”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ხაბეიშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. როგორც მან პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს  უთხრა, დღევანდელ დაკითხვაზე პოლიციაში მხოლოდ ხაბეიშვილის ცემის ამსახველი ვიდეო აჩვენეს.

ლევან ხაბეიშვილს პარასკევს, 24 იანვარს სცემეს თბილისის საკრებულოში. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მას რამდენიმე პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შსს-მ ხაბეიშვილის ცემაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი