ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავცელებულ კადრებში ივანიშვილი საქართველო-ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე საუბრობს:
„ისტორიულად იცით ჩვენი დამოკიდებულება და ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ სახელმწიფოსა და ერისადმი. საოცრად მიყვარს ებრაელი ხალხი. ორი კვირის წინ გავაცილეთ ყოფილი ელჩი შაფთაი ცური, რომელთანაც მე ვმეგობრობ და ვამაყობ მასთან მეგობრობით. დარწმუნებული ვარ, ახალი ელჩიც ისეთივე კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს 26 საუკუნოვან მეგობრობას, რითაც ორივე ერი ვამაყობთ.”
ისრაელის ახალმა ელჩმა ივანიშვილს საქართველოში ებრაელი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„თბილისში 3 კვირის წინ ჩამოვედი ისრაელის ახალი ელჩის სტატუსით. ძალიან მინდოდა, პირადად მომეხსენებინა მადლობა თქვენთვის, როგორც ისრაელის დიდი მეგობრისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თქვენ სტუმრობდით ისრაელს. იმედი მაქვს, რომ კიდევ გვესტუმრებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ხართ საქართველოში ებრაული სათვისტომოს დიდი მეგობარი და მხარს უჭერთ მის საქმიანობას, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ როგორც ისრაელში, ისე საქართველოში,”- განაცხადა ისრაელის ელჩმა.