ახალი ამბები

აშშ საქართველოში 7 მლნ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

25 იანვარი, 2020 • 1182
აშშ საქართველოში 7 მლნ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს.

Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) – პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.

ამის შესახებ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

“USAID იწყებს ახალ, მასშტაბურ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და “ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძემ.

უწყების ინფორმაციით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას.

შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და ის სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით, Fulbright-ის ფარგლებში განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი