ახალი ამბები

ორი წელია ხაბეიშვილი ცდილობს, გაილახოს, მიზანს მიაღწია – დავითულიანი

24 იანვარი, 2020 •
ორი წელია ხაბეიშვილი ცდილობს, გაილახოს, მიზანს მიაღწია – დავითულიანი

„ჩემი აზრით, ორი წელია, ხაბეიშვილი ცდილობს, რომ გაილახოს. სამწუხაროდ, მიაღწია მიზანს“, — ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის ცემას.

ხაბეიშვილს რამდენიმე საათის წინ სცემეს. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მას რამდენიმე პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შსს-ს ცნობით, ხაბეიშვილის ცემაზე გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბექა დავითულიანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ხაბეიშვილის ცემას „წანამძღვრები, წინა ისტორია“ ჰქონდა, — რომ ხაბეიშვილმა ერთი კვირის წინ ტელეეთერით „უნამუსო, არაკაცი და ფარჩაკები“ უწოდა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს:

„თქვა სრულიად არასწორი რაღაცები, თითქოს ჩვენ დამლაგებლის ხელფასის მომატება შეგვიძლია და არ ვუმატებთ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რა სახელფასო განაკვეთები ექნება შიგნით, ეს ჩვენ როგორ უნდა გავუკონტროლოთ, არ მესმის“, – თქვა ხაბეიშვილმა.

„ამაზე დღეს მიუბრუნდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა და უთხრა, რომ უნამუსო და ფარჩაკი თუ ვინმეა ამ საკრებულოში, პირველ რიგში, ეს თვითონაა. ამას მოჰყვა მერე შეხლა-შემოხლა და ჩხუბი. რაც მოხდა, მოხდა. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და სასურველი არ არის“, – განაცხადა დავითულიანმა.

ჟურნალისტიკის კითხვაზე, მისი ნათქვამი, რომ „ორი წელია, ცდილობს, გაილახოს“ და „მიზანს მიაღწია“, შეიძლება თუ არა, რომ წახალისება იყოს იმისა,  მსგავსი რამ კიდევ მოხდეს საკრებულოს სხდომებზე, განაცხადა: „არა, მე არაფერს არ ვახალისებ. პირიქით, ყველას მოვუწოდებ, მოთოკონ ემოციები და მოიქცნენ მშვიდობიანად და ადამიანურად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი