ახალი ამბები

Tinder განგაშის ღილაკის ფუნქციას ამატებს

24 იანვარი, 2020 • 935
Tinder განგაშის ღილაკის ფუნქციას ამატებს

გაცნობის აპლიკაცია Tinder აპირებს დაამატოს განგაშის ღილაკის, სასწრაფო დახმარების,  ადგილმდებარეობის გამოვლენისა და ფოტოთი ვერიფიკაციის ფუნქციები.

კომპანიის განცხადებით, ახალი ფუნქციები პირველად აშშ-ის ტერიტორიაზე, 28 იანვარს ამოქმედდება. ის, თუ როდის ამოქმედდება ახალი ფუნქციები სხვა ქვეყნებში, ამ მომენტისთვის უცნობია.

ვინმესთან შეხვედრამდე, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეინახონ ინფორმაცია, თუ სად და ვისთან გაიმართება შეხვედრა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი განგაშის ღილაკის ფუნქციას გამოიყენებენ, შესაბამის სამსახურებს გადაეცემათ მონაცემები, მათ შორის, შეხვედრის ზუსტი ადგილი.

ამასთან ერთად, აპლიკაციას უმატებენ ფოტოთი ვერიფიკაციის ფუნქციას, რითიც უნდა მოხდეს ე.წ. „catfishing“-ის პრევენცია – ანუ, ინტერნეტში ყალბი ფოტოს გამოყენების პრაქტიკა.

Tinder-ის განცხადებით, აპლიკაცია გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც ადამიანებიც დაეხმარებიან მომხმარებლის შემოწმებაში, კერძოდ, საჭირო იქნება რამდენიმე სელფის გადაღება.

Tinder-ის მფლობელ Match Group-ის გენერალურმა დირექტორმა მენდი გინზბერგმა განაცხადა, რომ მათი აპლიკაცია იქნება პირველი, სადაც ასეთი ფუნქციები იარსებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი