მეოთხე დღეა ქუთაისში მეტალურგიული საწარმოს “ამბიკონ სტილსის” მუშები გაიფიცულები არიან.
საწარმოში მომუშავე ვაჟა გიორგაძის ინფორმაციით, მუშები ნორმალურ შრომით პირობებს და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ. მუშები ყოველდღიურად 12-საათიან ცვლაში მუშაობენ, თუმცა ზეგანკვეთური შრომის ანაზღაურებას არ იღებენ. მისივე ცნობით, საწარმოში დასაქმებულ ყველა მუშას არ აქვს სპეცტანსაცმელი და არ სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით.
„სხვა მეტალურგიული საწარმოები დღეში ასხამენ 9 ტონა მეტალს და აქვთ 1300 ლარი ხელფასი. ჩვენ ვასხმათ დღეში მინიმუმ 38 ტონა მეტალს და ანაზღაურება გვაქვს 700-800 ლარი. გავიფიცეთ იმიტომ, რომ გვინდა, ნორმალური შრომის პირობები და ჩვენი შესრულებული სამუშაოს რეალური ანაზღაურება გვქონდეს. დაზღვევა გვინდა და ნორმალური სპეცტანსაცმელი“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საწარმოში დასაქმებული ვაჟა გიორგაძე.
მისივე თქმით, საწარმოში შრომისათვის არასათანადო პირობებია.
„სასადილოში სრული ანტისანიტარიაა, იქ ადამიანი საჭმელს ვერ შეჭამს. საწარმოს დირექტორს ვთხოვდით საპირფარეშოს გახსნას და ერთი თვის წინ ძლივს მივაღწიეთ, რომ საპირფარეშო ამოქმედებულიყო საწარმოში. 12-საათიან ცვლაში გვიწევს მუშებს მუშაობა, წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაში ვართ“, – ამბობს ვაჟა გიორგაძე.
მუშები გაფიცვის გაგრძელებას მანამ აპირებენ, სანამ საწარმოს ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
ნეტგაზეთი ცდილობს საწარმოსთან დაკავშირებას.