ახალი ამბები

“ნაკლები ადამიანი ეყოფა გზის გადაკეტვას” – “სირცხვილია” პარლამენტთან აქციებს გააგრძელებს

22 იანვარი, 2020 •
“ნაკლები ადამიანი ეყოფა გზის გადაკეტვას” – “სირცხვილია” პარლამენტთან აქციებს გააგრძელებს

სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ტერიტორიის შემოღობვის მიუხედავად, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციების გაგრძელებას გეგმავს.

როგორც “ნეტგაზეთს” სამოქალაქო აქტივისტმა და აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განუცხადა, თბილისის მერიის გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტის მონაწილეების გეგმები არ იცვლება.

“ჩვენი გეგმები არ შეიცვლება, უბრალოდ, დაემატება დაცინვის კომპონენტიც. არ ვიცი, სერიოზულად როგორ უნდა განვიხილოთ. სახალისოა, რომ მწვანე მაუდით შემოღობეს ტერიტორია. აქციებისთვის საქმე გამარტივდა იმიტომ, რომ ნაკლები ადამიანი ეყოფა რუსთაველის გზის გადაკეტვას”, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, თებერვალში მასშტაბური საპროტესტო აქცია არ იგეგმება, თუმცა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ პიკეტირება ჩვეულებრივ გაგრძელდება.


დღეს დილიდან პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობითაა შემოსაზღვრული. აქედან უკვე აიღეს 30 დეკემბერს დამონტაჟებული ატრაქციონები და ე.წ. საშობაო ბაზარი. კახა კალაძე ამბობს, რომ მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება შენობის მიმდებარე ტერიტორიის მწვანე ღობით შემოსაზღვრა.

პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები მერიამ 2019 წლის 30 დეკემბერს, გვიან ღამით აიღო, რასაც აქტივისტების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.

ამ ადგილას თვეების განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვა საპროტესტო მოძრაობების, მათ შორის „ქვეყნის სამსახურში“ და „გაბედეს“ კარვები იდგა. ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობდნენ, რომ კარვები მერიამ დაუკითხავად აიღო, რასაც საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. უწყებაში კი პირიქით განმარტავდნენ, რომ მათ დემონსტრანტები წინასწარ გააფრთხილეს.

საბოლოოდ, მერიამ საპროტესტო კარვების ადგილზე ატრაქციონები დაამონტაჟა, თუმცა მათ გარშემო უწყებას რკინის ბარიკადების მოწყობაც მოუწია. ატრაქციონების დამონტაჟებას გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელმაც ფეისბუკით მოუწოდა მოქალაქეებს, ბავშვები აქ არ მიეყვანათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი