ახალი ამბები

ნეტგაზეთს ოსლოში პრესის ევროპული ჯილდო გადაეცა

24 ივნისი, 2015 •
ნეტგაზეთს ოსლოში პრესის ევროპული ჯილდო გადაეცა

დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ნობელის ინსტიტუტში გაიმართა. 


2015 წელს რუსეთში, საქართველოსა და უკრაინაში სულ დაჯილდოვდა 6 ჟურნალისტი და მედიასაშუალება”, რომლებიც “ცაიტისა” და ნორვეგიის გამოხატვის თავისუფლების ფონდის განცხადებით, “ცენზურასა და რეპრესიებს არ უშინდებიან”.

ევროპის პრესის ჯილდოს 2015 წლის მფლობელები
ევროპის პრესის ჯილდოს 2015 წლის მფლობელები

 

ნეტგაზეთთან ერთად 2015 წელს ჯილდო მიიღეს  ყოველკვირეულმა გაზეთმა “Pskovskaya Guberniya” (რუსეთი), ჟურნალისტმა გალინა ტიმჩენკომ (რუსეთი), საინფორმაციო სააგენტომ – Slidstvo.Info (უკრაინა), ასევე ჟურნალისტებმა: ვალენტინა სამარმა (უკრაინა) და სერგეი ჰარმაშმა (უკრაინა). დასახელებული ჟურნალისტებს 10-10 ათას ევრო, ხოლო მედიასაშუალებებს 15-15 ათას ევრო გადაეცემათ.

 

“სერგეი ჰარმაში დონეცკიდან ონლაინ-გაზეთის,  Ostro V-ს მთავარი რედაქტორია. ეს პორტალი აღმოსავლეთ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნიუს-პლატფორმაა.  ჰარმაში კარგადაა ცნობილი მისი გამჭირახი პოლიტიკური და ეკონომიკური ანალიტიკური მასალებით.  მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პრესის თავისუფლებაში თავისი ობიექტური, კრიტიკული მასალებით უკრაინის კრიზისის საკითხზე.  Ostro V-ს ჟურნალისტების უმრავლესობამ, მათ შორის ჰარმაშმა, დონეცკი 2014 წელს დატოვა”, – ნათქვამია ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ განცხადებაში.

 

“ვალენტინა სამარი ყირიმიდანაა. ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ყირიმი გასულ წელს, რადგან ეშინოდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. იგი არ უშინდებოდა კრიტიკული სტატიების, ასევე ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული მასალების გამოქვეყნებას სახელმწიფო მოხელეების მიერ განხორციელებული კორუფციული ქმედებების შესახებ”.

“გალინა ტიმჩენკო არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ონლაინ-გაზეთის, ლენტა.რუ-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი. ის ამჟამად ლატვიაში მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს თავისუფალი რუსული პრესის განვითარებას. რუსეთში არსებული ცენზურის გამო  იძულებული გახდა საქმიანობა რიგაში გაეგრძელებინა, სადაც პორტალი “მედუზა” დააფუძნა”.

“ონლაინ-გამოცემა ნეტგაზეთი მიიღებს 15 ათას ევროს. პოლიტიკურად დამოუკიდებელი ნიუს და მულტიმედია პორტალი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების და ქალების უფლებების დარღვევეის დეტალებს, ასევე ჰომოფობიის საკითხებს აშუქებდა. ნეტგაზეთი ნაციონალურ დონეზე სოციალური პრობლემების გაშუქების ფართო სპექტრს სთავაზობდა მკითხველს, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო ამბებს, გამოცემამ თავის მკითხველებს რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მიღების კარგი პლატფორმა შესთავაზა”, – ვკითხულობთ ჯილდოს ორგანიზატორთა განცხადებაში.

 

პრიზის მისაღებად ნომინაციაზე ნეტგაზეთი საქართველოში გერმანიის საელჩომ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისმა წარადგინა. ზემოხსენებული ყოველწლიური პრიზით რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მომუშავე ჟურნალისტები და მედიასაშუალებები ჯილდოვდებიან.

 

2010 წელს ზემოხსენებული ჯილდო საქართველოდან ჟურნალმა “ლიბერალმა” მიიღო, ხოლო 2009 წელს- გაზეთმა “ბათუმელებმა”. ნეტგაზეთი გაზეთ “ბათუმელების” ონლაინ-გამოცემაა.


მასალების გადაბეჭდვის წესი